თბილისის მერის ანგარიშზე უკვე მინუს 45 ხეა. მერიას სამშენებლო კომპანია შპს ორბი ჯგუფმა, რომელიც ყაზბეგის 22-ში ორ 42 სართულიან სასტუმროს აგებს, შპს ფორესტ კომპანის დასკვნა წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, 45 ხის ძირი ამორტიზებული, დაავადებული ან ზეხმელია.
მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის აქტივისტი, ნატა ფერაძე უკვე ხუთი დღეა მერიასთან შიმშილობს, თუმცა ჯერ მასთან სასუბროდ არავინ გამოსულა. პროტესტის უკიდურესი ფორმის მიზეზი არა მხოლოდ ყაზბეგის ქუჩაზე გაჩეხილი ხეებია, არამედ ქალაქში არსებული საერთო სურათი. თბილისის მერმა მხოლოდ სატელევიზო განცხადებით უპასუხა პარტიზან მებაღეებს და 10 დღიანი მორატორიუმი გამოაცხადა.
გამგეობის ყოფილი თანამშრომელი ხეების უმოწყალო ჩეხვას დღეს პარტიზან მებაღეებთან ერთად აპროტესტებს. ისინი ერთად საუბრობენ სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდის აუცილებლობაზე.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას მერიასთან ერთ წლიანი ხელშეკრულება აქვს, რაც ნიშნავს რომ გამხმარ ხეებს ერთი წლის ვადაში ჩაანაცვლებენ, თუმცა ახალმა ნერგებმა თუ მაინც ვერ გაიხარა, ამ შემთხვევაში გაურკვეველი რჩება ვინ აიღებს ბიუჯეტიდან დახარჯულ 700 000 ლარზე პასუხისმგებლობას.
ავტორი: ანანო ბაკურაძე.