"იაფფასიანი პოლიტიკური ხრიკი,"- ასე ეხმაურება სამხედრო ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაკეთებულ განცხადებას ქვეყანაში ტერაქტის აღკვეთის საქმესთან დაკავშირებით. ხარშილაძე ფიქრობს, რომ გამოძიება არასერიოზულად მიმდინარეობს.
"ეს ტერორიზმი ვერანაირად ვერ იქნება, ამ შემთხვევაში ვერანაირად. უნდა იყოს სამოქალაქო პირთა წინააღმდეგ ძალადობა, უნდა იყოს გზავნილის გავრცელების მიზნით, ან იდეოლოგია უნდა ჰქონდეს ჯგუფს ან პოლიტიკური ან რელიგიური. ეს უფრო დივერსიის აქტია. ეს წინასაარჩევნოდ გამოყენების მცდელობა არის, ამას ბოლომდე არ იტყვიან, ეცდებიან რომ ისეთი შთაბეჭდილება დატოვონ, თითქოს ეს კვალი აღმოაჩინეს. ჩემი აზრით, იაფფასიანი პოლიტიკურi ხრიკია. ჩანასახშივე, ამ ეტაპზე, იმის თქმა, რომ უკრაინა, სერიოზული გამოძიების პირობებში აბსოლუტურად შეუძლებელია,"- განაცხადა ხარშილაძემ.
კიდევ ერთ სამხედრო ექსპერტს ზურაბ აგლაძეს მიაჩნია, რომ სუს-ში გაკეთებულმა განცხადებამ შესაძლოა ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე ცუდი ზეგავლენა მოახდინოს.
"ჩვეულებრივი დივერსიაა და არ არის ტერორისტული აქტი. შემიძლია გამოვრიცხო, რომ უკრაინის სახელმწიფო ამ აქტში ჩარეული იყოს, წინასწარ განცხადებების გაკეთება ორი ქვეყნის ურთიერთობებს და გამოძიებას დააზიანებს,"- აცხადებს აგლაძე.