შავ ზღვაში ერთი კვირაა დაკარგულ 2 სამხედროს ეძებენ, თუმცა უშედეგოდ. სამაშველო ოპერაციაში ჩართვას სამოქალაქო მყვინთავები ითხოვენ. წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ძებნის ოპერაციაში ნებართვას თავდაცვის მინისტრისგან ის ამ დრომდე ელოდება. დავით ნიკოლაიშვილი ამბობს იმასაც, რომ ხელისუფლებამ იაგო შარაძისა და გიორგი ნანიტაშვილის მოსაძებნად უნდა გამოიყენოს მეთევზეებიც.
დაკარგული სამხედროების ახლობლებმა დღეს სპეციალისტებისგან იმ სამოქმედო გეგმის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დაკარგულთა ძებნის ოპერაცია წარიმართება.
იმ დროს, როდესაც იაგო შარაძისა და გიორგი ნანიტაშვილის დაღუპვა ოფიციალურად დადასტურებული არაა, სარაძის ოჯახის წევრებისგან ცნობილი გახდა, რომ იაგო შარაძეს იმ დღეების ხელფასი დააკლეს, რომელშიც ის სამსახურში არ გამოცხადებულა.
თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოქმედი ნორმატიული აქტებით მიუხედავად მიზეზისა, სამხედრო რომელიც სამსახურში არ ცხადდება, იხსნება კმაყოფიდან. ძალოვან უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ დღეს ლევან იზორიას გადაწყვეტილებით დაკარგული სპეცრაზმელების ოჯახებს სოციალური დახმარების სახით ხელფასის ორმაგი ოდენობის თანხა ჩაერიცხათ.
ავტორი: ეკო მაღრაძე.