რუსეთში მინდია გულუას მოკვლა სცადეს. თავდასხმა 46 წლის ბიზნესმენზე, პოლიტიკოსზე და საზოგადოებრივი მოძრაობა საქართველოსთვის პრეზიდენტზე, კრასნოდარის ცენტრში მოხდა.
მინდია გულუას დაუდგენელმა პირმა საცხოვრებელ კორპუსთან ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და მძიმედ დაჭრა. პოლიტიკოსს ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული, მას გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი მანქანიდან გახსნა და სროლის შემდეგ, ადგილიდან მიიმალა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა მიმდებარე ქუჩაზე დამწვარ ავტომობილს მიაკვლიეს, რომელშიც aka-ს ტიპის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინეს. ვარაუდობენ, რომ გულუას სწორედ ამ იარაღიდან ესროლეს.
გამოძიება თავდასხმის მოტივად გულუას კომერციულ საქმიანობას ასახელებს. საგამოძიებო კომიტეტში აღნიშნავენ, რომ ეს უკვე მესამე თავდასხმაა მინდია გულუაზე.