19 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
პარლამენტი "რუსთავი 2"-ის, უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეებზე მოსამართლეთა აცილებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, გიგი უგულავას და ე.წ. კაბელების საქმეებზე  რამდენიმე მოსამართლის აცილებას ითხოვს. ახალი შუამდგომლობების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ოთარ სიჭინავას განცხადებით, პარლამენტმა სამი მოსამართლის აცილების შესახებ შუამდგომლობა რამდენიმე დღის წინ დააყენა.

სიჭინავა კონკრეტულ მოსამართლეებზე არ საუბრობს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მაია კოპალეიშვილზე, ქეთევან ერემაძესა და კონსტანტინე ვარძელაშვილზე.

ოთარ სიჭინავას თქმით, მოსამართლეთა აცილების საკითხზე გუშინ პლენუმს უნდა ემსჯელა, თუმცა, სხდომა ჩაიშალა. მოსამართლის განმარტებით, მანამ, სანამ პლენუმი მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას არ მიიღებს რუსთავი 2-ის, ე.წ. კაბელების და გიგი უგულავას საქმეებზე სხდომის განახლება გამორიცხულია.

„ე.წ. კაბელების საქმეზე, უგულავას საქმეზე და რუსთავი 2-ის საქმეზე დგას რამდენიმე მოსამართლის აცილების საკითხი. შესაბამისად, ამ საქმეებში მონაწილეობა, რომ მივიღოთ ჯერ ეს შუამდგომლობები უნდა განვიხილოთ. თავს შევიკავებ მოსამართლეების სახელების დასახელებისგან ვისი აცილების საკითხიც არის დაყენებული, მაგრამ რამდენიმე მოსამართლეა  და სანამ აცილების საკითხს კენჭი არ ეყრება, მანამ ეს პროცესები ვერ გაგრძელდება,“-განაცხადა სიჭინავამ.  

დღის ამბები