19 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
მოჭრილი ხეები ყაზბეგზე - გარემოს დამცველები ამ წუთებში ნინო სულხანიშვილს ხვდებიან

ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვით გამოწვეულმა პროტესტმა მერიის კიბეებიდან შენობაში გადაინაცვლა. ამ წუთებში გარემოს დამცველები, რომლებიც გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომას ითხოვენ, სტრუქტურის უფროსს ნინო სულხანიშვილს ხვდებიან. შეხვედრას ესწრება დავით ნარმანიაც.

გაირკვა, რომ პარასკევს დედაქალაქის მერი საკრებულოში მისვლას აპირებს. შეხვედრის დასაწყისში დავით ნარმანიამ ეკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ გეგმებზე ისაუბრა. 

შეხვედრის დაწყების წინ, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან მთავარი მოთხოვნაა ეკოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელის გადადგომა.

ნატა ფერაძემ ასევე განაცხადა, რომ პარტიზანული მებაღეობის წარმომდგენლის, ელენე მალაშევსკის ჯანმთელობის მდგომარეობა, რომელიც უკვე მეორე დღეა შიმშილობს, დამძიმდა.

„ჩვენ მოვითხოვთ, ნინო სულხანიშვილის და ნუგზარ კახნიაურის გადადგომას. ელენე მალაშევსკის მდგომარეობა საგანგაშო ზღვარს უახლოვდება. შეიძლება დაემართოს კომა. ჩვენ სამ საათზე ველოდით, რომ მერიას ეყოფა ჭკუა და შეისმენდა ჩვენს მოთხოვნებს. დღეს 7 საათზე გვაქვს ხალხმრავალი აქცია, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო გადაზრდილიყო მერიასა და მოსახლეობას შორის ზავის აქციად. თუმცა, როგორც ვატყობ, ეს ასე არ იქნება და შიმშილობა გაგრძელდება,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეს შორენა ბუხრაშვილს მოლოდინი აქვს, რომ შეხვედრა შედეგზე იქნება ორიენტირებული.

„მოლოდინი გვაქვს, რომ ის კანონმდებლობები, რომლებიც აძლევს საშუალებას გამწვანების საქალაქო სამსახურს, რომ მშენებლობების პროცესში, ხე-ნარგავებზე გასცეს ან არ გასცეს ნებართვა, იქნება გამკაცრების კუთხით წასული,“ - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი. 

დღის ამბები