გადაცემა განსხვავებული აქცენტების ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დღეს სასამართლოს ჩვენება, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, მინდია გორაძის საქმეზე მისცა. ჟურნალისტმა სასამართლოში 2015 წლის თებერვალში მომხდარი მუქარაზე ისაუბრა. როგორც კვესიტაძე აცხადებს, მინდია გორაძე მას ტელეფონით დაუკავშირდა და დაემუქრა.
გადაცემა განსხვავებულმა აქცენტებმა საგამოძიებო ფილმი მოამზადა, რომელიც გორაძის საქმიანობასა და აჭარაში შესაძლო მის კრიმინალურ გავლენებს უკავშირდებოდა. თავად ბრალდებული მუქარის ფაქტს უარყოფს.
“მითხრა, რომ რატომ ვავრცელებდი სიცრუეს, რომ რასაც მე გადაცემაში ვყვებოდი,ეს არ იყო სიმართლე. მე ვუთხარი, რომ თუ მას რაიმე პრეტენზია ჰქონდა გადაცემის მიმართ შეეძლო წერილობით მიემართა რუსთავი 2-სთვის. ამის შემდეგ ის გაბრაზდა, მან დაიწყო ყვირილი და მითხრა ფრაზები, რომ მე ვარ ახალგაზრდა გოგო და წინ მაქვს ყველაფერი, რაც მე ძალიან კონკრეტულ მუქარად ჩავთვალე,“ - განაცხადა კვესიტაძემ.