საკონსტიტუციო სასამართლოში რუსთავი 2-ის სარჩელებზე გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი ისევ უცნობია. რამდენიმე მოსამართლე სადავო საკითხების გარკვევამდე, რომელთა შორის რუსთავი 2-ისა და კაბელების საქმის მსჯავრდადებულების სარჩელების დარეგისტრირების კანონიერებაა, განხილვაში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
სასამართლოს შიგნით არსებული პრობლემები გუშინდელი საორგანიზაციო სხდომის ჩაშლის შემდეგ ისევ აქტუალური გახდა. ოთარ სიჭინავას ინფორმაციით სარჩელების შესაძლო გამოცვლასთან დაკავშირებით მოსამართლეები საერთო დასკვნამდე ვერ მიდიან.
საკონსტიტუციოს მოსამართლეებმა არჩევანი ახლა ოთარ სიჭინავასა და მაია კოპალეიშვილის მომზადებულ დასკვნებს შორის უნდა გააკეთონ.
სადავო სარჩელები არ არის ერთადერთი საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეც საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის გაგრძელებაა დამოკიდებული. საკანონმდებლო ორგანოს იურისტები სამი მოსამართლის აცილებას ითხოვენ, აქედან ორს რუსთავი 2-ის უკვე განხილული და ამ დროისათვის სათათბიროში მყოფი საქმიდან.
ჰქონდათ თუ არა პარლამენტის იურისტებს სათათბიროში მყოფი საქმეებიდან მოსამართლეების აცილების მოთხოვნის უფლება ამაზე კატეგორიული პასუხი არ არსებობს. პარლამენტის იურისტები ამბობენ, რომ ის იმაზეა დამოკიდებული, ვინ როგორ წაიკითხავს კანონს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. იმ შემთხვევაში თუ სადაო საკითხებზე მოსამართლეები უახლოეს პერიოდში ვერ შეთანხმდნენ, მაშინ შესალოა პლენუმის არსებულმა შემადგენლობამ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადება ვერ მოასწროს. სექტემბრის ბოლოს 4 მოსამართლეს 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურება. შემდეგ კი სასამართლოს ახალ შემადგენლობას სარჩელების განხილვა თავიდან მოუწევს.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.