19 ნოემბერი 2024,   21:52
ვრცლად
გამოცდების ეროვნული ცენტრის შეცდომა - აბიტურიენტების ნაწილი სამართლებრივი დავის დაწყებას არ გამორიცხავს

ინფორმაცია ჩარიცხვების შესახებ ხელმისაწვდომი გუშინ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო და შეტყობინება გამოცდების ეროვნული ცენტრისგან ასობით აბიტურიენტმა მიიღო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია უწყებიდან შედეგების საბოლოო შეჯამებამდე გამოვიდა.

აბიტურიენტების ნაწილი, მონაცემების შეცვლის შემთხვევაში გასაჩივრებისთვის ემზადება.

ვინ გახსნა მონაცემებთა ბაზები და რატომ გავრცელდა ვადაზე ადრე ჩარიცხვების შესახებ ინფორმაცია უცნობია. მაია მიმინოშვილს ამ თემაზე განმარტებების გაკეთება არ სურს. ცენტრმა დღეს მოკლე წერილობითი განცხადება გაავრცელა და მხოლოდ ის განმარტა, რომ მომსახურების 50 თეთრი აბიტურიენტების ნაწილს შეტყობინების მიღების გამო არ ჩამოეჭრება.

მომხდარის შესახებ არც განათლების მინისტრი საუბრობს. ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს მთავრობის სხდომა ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა.

დაუმუშავებელი ინფორმაციის გაჟონვას სისტემის პრობლემას უკავშირებენ ოპოზიციაში და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან დეტალურ ახსნა განმარტებებს ითხოვენ.

აბიტურიენტთა ჩარიცხვების შესახებ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციის გამო მიმინოშვილთან შეკითხვები აქვთ მმართველ გუნდის წევრებსაც.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ოფიციალურად ხვალ უნდა გასაჯაროვდეს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები