პარტიზანი მებაღეები დავით ნარმანიასგან საზოდაგოებისთვის ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
ერთ-ერთი გარემოსდამცველის შეურაცხყოფის გამო თბილისის მერიასთან ხმაურიანი შეძახილები გვიანობამდე გაგრძელდა.
აქციის მონაწილეებმა მერიის შენობას პროტესტის ნიშნად ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს. ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
შეკრებილები ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადადგომას და ქალაქის გამწვანების ერთიანი გეგმის შემუშავებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით გრძელდება შიმშილობაც.
„მოქალაქეების წინაშე ნამდვილად უნდა მოიხადოს ბოდიში. ვინაიდან მას აქვს თმენის ვალდებულება, ის არის არჩეული თანამდებობის პირი და ის უნდა იყოს სახე ერთგვარი და ის უნდა აკეთებდეს პირველ რიგში საქმეს. ამ საქციელთან ერთად, მან ბოდიში იმისთვის უნდა მოიხადოს, რომ არაფერს არ აკეთებს,“ - განაცხადა მწვანე მუშტის აქტივისტმა ირაკლი კუპრაძემ.
კომენტარი გააკეთა ნატა ფერაძემაც.
„აბსურდების სასმენად უკვე სამი წელი ვიარეთ და უკვე საკმარისია. გვეგონა, რომ ვინმე მაინც ურჩევდათ, რომ რაღაც სამუშაო ფორმატში წასულიყო მართლა შეხვედრა, თუმცა ამასთან მიახლოებულიც არ იყო,“ - განაცხადა ნატა ფერაძემ.