თბილისში ხეების მასიური ჭრის გამო აქციები გრძელდება. პარტიზანი მებაღეები ყოველდღიურ რეჟიმში თბილისის მერიასთან აქციებს გამართავენ და მოითხოვენ თანამდებობები დატოვონ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა და მისმა მოადგილემ. ისინი ამ მიზნით უკვე რამდენიმე დღეა ხელმოწერებს აგროვებენ.
პარალელურად პარტიზანი მებაღეები სამართლებრივ დავას იწყებენ. ხვალ საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები. სასამართლომ უნდა იმსჯელოს მერიის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს არ მიეცათ საშუალება კონკრეტულ ადგილზე გაეშალათ კარვები. როგორც პარტიზანი მებაღეები ამბობენ, მათთვის კარვების გაშლა მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილზე მათი ყოფნა მთელი დღე-ღამის განმავლობაში იყოს შესაძლებელი.
პარალელურად მერის იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად ხელმოწერებს აგროვებს ოპოზიციაც. ნაციონალური მოძრაობის იდეას, რომ თბილისის მერმა თანამდებობა უნდა დატოვოს თბილისის საკრებულოს ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია იზიარებს. პარტიები მზად არიან საჭიროების შემთხვევაში ხელი მოაწერონ დოკუმენტს, თუმცა ფიქრობენ, რომ ოპოზიციის ხმები საკმარისი არ იქნება იმპიჩმენტის პროცედურის დასაწყებად.
ავტორი: სოფო ვარდიაშვილი.