არ არის გამორიცხული, საკონსტიტუციო სასამართლოს გარკვეული პერიოდი თავმჯდომარის გარეშე მოუწიოს ფუნქციონირება.
4 მოსამართლეს, მათ შორის გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურება. დეპუტატების ნაწილი ვარაუდობს, რომ ამ თემის განხილვა საკანონმდებლო ორგანოს შემდეგი მოწვევის პარლამენტს მოუწევს.
ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, მთავარია მოსამართლე მაღალი პროფესიული სტანდარტების შესაბამისად იყოს შერჩეული.
კონსულტაციები პირველი სექტემბრიდან იწყება. სწორედ ამ დროს აპირებს პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი კანდიდატის დასახელებასაც.
ამავე თემასთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა ეროვნული ფორუმის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანი მიროტაძემაც.
„უმრავლესობის მიერ დასახელებული კანდიდატის ძირითადი მახასიათებელი იქნება ის, რომ მოსწონს უმრავლესობის წარმომადგენლებს,“ - განაცხადა ანი მიროტაძემ.
კანონმდებლობის მიხედვით, კანდიდატების დასახელების უფლება პრეზიდენტს, პარლამენტსა და უზენაეს სასამართლოს აქვს. საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარესა და უმრავლესობას კანდიდატების ცალცალკე წარდგენის უფლებამოსილება ეძლევათ.
ვინ ჩაანაცვლებს საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლეს, რომელთაც უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურებათ. სახელდება რამდენიმე კანდიდატურა, რომლებიც შესაძლოა ამ პოსტზე წარადგინონ, მათ შორის არიან ირინე იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და ევა გოცირიძე.