19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
"პარტიზანმა მებაღეებმა" და "საია"-მ მერიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

პარტიზანი მებაღეები სასამართლოში ჩივიან. რამდენიმე წუთის წინ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტებმა და პარტიზანი მებაღეების წარმომადგენლებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ისინი მერიის წინააღმდეგ ჩივიან და ამბობენ, რომ  მათ ჰქონდათ უფლება აქციის დღეს გაეშალათ კარვები.  

“ჩვენ თუ არ ვიცით ჩვენი უფლებები, ჩვენ მათ ვერ დავიცავთ. ჩვენ გვქონია იქ კარვის დადგმის უფლება, თუმცა ჩვენი სტრატეგია ისე განვითარდა, შეიძლება იქ კარავი აღარ დაგვჭირდეს, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ამის გასაჩივრება, რომ შემდგომში გამოხატვის და პროტესტის ჩვენი უფლებები ჩვენ დავიცვათ. აუცილებლად ბოლომდე მივსდევთ ამ სარჩელს," - განაცხადა მოძრაობა პარტიზანული მებაღეობის დამფუძნებელმა ნატა ფერაძემ.       

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრის კოორდინატორის ნონა ქურდოვანიძის თქმით, ისინი სარჩელით ითხოვენ მერიის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობას.

“ჩვენ ახლა დავარეგისტრირეთ სარჩელი, რომელიც შემოვიტანეთ მერიის წინააღმდეგ და ვითხოვთ ამ სარჩელით მერიის იმ ქმედების უკანონოდ ცნობას, რომლითაც პარტიზან მებაღეებს სკვერში აეკრძალათ კარვის განთავსება და ვითხოვთ ამ უფლების დადასტურებას სასამართლოს მხრიდან“ - აღნიშნა ქურდოვანიძემ.

შეგახსენებთ, რომ მწვანე აქტივისტებმა საკუთრ აქციაზე სცადეს კარვების გაშლა, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის უფლება არ მისცეს.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.

დღის ამბები