ბათუმში 5 ქუჩის ათეულობით ოჯახს შესაძლოა სახლების დატოვება მოუწიოთ. ადლიის დასახლებაში ადგილობრივებს რამდენიმე მშენებლობის ნებართვას, მერია იმ მიზეზით არ აძლევს, რომ შესაძლოა მათ მიწებზე ახალმა მაგისტრალმა გაიაროს. გზას ახალი ბულვარიდან აეროპორტამდე გაიყვანენ, თუმცა უცნობია, რამდენ მოსახლეს მოუწევს ტერიტორიების დათმობა.
პროექტი, რომელიც ახალი შემოვლითი გზის მშენებლობას ითვალისწინებს საკრებულომ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. მერიაში ჯერჯერობით არ იციან რა პირობით მოუწევთ ადგილობრივებს საკუთრების დათმობა, რომელთა ტერიტორიაზეც ახალი გზის 40 კილომეტრიანმა მონაკვეთმა უნდა გაიაროს.
როდის მიიღებს პასუხს 5 ქუჩის რამდენიმე ათეული ოჯახი ჯერ უცნობია. გზის პროექტის ავტორი აცხადებს, რომ ადგილობრივებს საკუთარი პირობები მერიისთვის საჯარო ადმინისტრაციული წარმოების მიმდინარეობისას უნდა წარედგინათ. ინდივიდუალურად მათი ინფორმირება წინასაპროექტო დოკუმენტაციის პირობებში გათვალისწინებული არ ყოფილა.
ჯერჯერობით ასევე უცნობია რა დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს ამ გზის მშენებლობა.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.