არასამთავრობო ორგანიზაციაში არ გამორიცხავენ, რომ დემურ სტურუას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება გართულდეს. მიზეზად კი პროკურატურის მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებას ასახელებენ და მიაჩნიათ, რომ საგამოძიებო ორგანომ სათანადოდ ვერ შეაფასა რეალური ვითარება.
არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, არსებობდა მაღალი რისკი, რომ დამნაშავე მიიმალებოდა, გაანადგურებდა მტკიცებულებებს და მოახდენდა მოწმეებზე ზეწოლას.
„ვარაუდი გამართლდა სამწუხაროდ. პოლიციას ცხადია, შეეძლო დაეკავებინა ადამიანი. ისინი ამბობდნენ, რომ არ იყო საკმარისი მტკიცებულებები. პოლიციელი საკუთარ თავზე ვერ აიღებს ამგვარი გადაცდომის უფლებას, თუ მას სისტემა არ ახალისებს. ის განცხადება, რაც დღეს პროკურატურისგან ვიხილეთ, არის აბსოლუტურად უსუსური და უმწეო პასუხი იმ გამოწვევის მიმართ, რის წინაშეც სისტემა დადგა,“ - განაცხადა მოძრაობა თეთრი ხმაურის აქტივისტმა პაატა საბელაშვილმა.
დემურ სტურუას საქმეზე, მთავარი პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით, დღეს მიმართავს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. საგამოძიებო ორგანო სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლის გოდერძი თევზაძისთვის პატიმრობას ითხოვს.