ქუთაისის სასამართლო ამ წუთებში გოდერძი თევზაძის აღკვეთის ღონისძიებაზე დაუსწრებლად მსჯელობს. დემურ სტურუას წერილში დასახელებული პოლიციელისთვის პროკურატურა წინასწარ პატიმრობას ითხოვს, პარალელურად ახალგაზრდის თვითმკვლელობიდან სამი კვირის შემდეგ, სამართალდამცველები ბრალდებულს ეძებენ. მათი ინფორმაციით, გოდერძი თევზაძე მიმალვაშია.
განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ პოლიციელის მეზობლები. მათი თქმით, გოდერძი თევზაძე მიმალვაში არ იმყოფება და მას სახლთან ახლოს ხშირად ხედავენ.
გოდერძი თევზაძის ადვოკატი მიმალვასთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ითხოვს, რომ არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდოს ბრალდებულ პოლიციელს.
“ჩვენი შუამდგომლობა იქნება, როგორც მე გავეცანი საქმეს, მე ვთვლი, რომ ის არის უდანაშაულო და აქედან გამომდინარე ჩემი პოზიცია ამ წუთში არის და ალბათ სასამართლოზეც ამას გავაჟღერებ, რომ მას არ შეეფარდოს არანაირი აღკვეთის სახის ღონისძიება,“ - განაცხადა ადვოკატმა ნოდარ ნემსიწვერაძემ.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.