19 ნოემბერი 2024,   21:53
ვრცლად
ზღვაში დაკარგული სამხედროს დედა უვადო შიმშილობას იწყებს

უვადო შიმშილობას იწყებს გონიოში დაკარგული ორი სამხედროდან ერთ-ერთის, იაგო შარაძის დედა. შესაბამისი განცხადება შარაძეებმა თურქული მხარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდე, რამდენიმე საათით ადრე გააკეთეს.

ოჯახის წევრები შესაბამის უწყებებს მოუწოდებენ დაკარგულების ძებნა განაგრძონ. ისინი საეჭვო გარემოებებზეც საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები მიზანმიმართულად გააქრეს.

იმ შემთხვევაში თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ დაკარგულთა ოჯახები აქციებს აანონსებენ.

„მე დღეიდან, იაგო შარაძის დედა, უვადო შიმშილობას ვაცხადებ, სანამ მე შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ. იმასაც თუ მივხვდები, რომ ყურადღებას არ მომაქცევთ, ბენზინს გადავისხამ და თქვენ დაგიძახებთ, რომ თქვენ წინ თავი დავიხრჩო,“ - განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე შარაძემ.

კომენატარი გააკეთა იაგო შარაძის მამამაც.

„მოვითხოვ, მოვიდეს ის ინსტრუქტორი, თავის ქვედანაყოფთან ერთად, ჩავიდეს იმ ადგილზე, სადაც დაახრჩო ჩემი შვილი და გემს მისცეს ის კვალი, რომ ნახონ ჩვენი შვილების ცხედრები. მე ეჭვი მაქვს, რომ თავისი მდგომარეობა რომ არ მისულიყო დანაშაულამდე, ჩემი შვილი დაკარგეს, კვალიც გააქრეს,“ - განაცხადა იაგო შარაძის მამამ ვლადიმერ შარაძემ.

დაკარგული სახმედროს იაგო შარაძის დაც, საკუთარი ძმის ცხედრის პოვნას ითხოვს. 

„ყველაფერს ვფიცავარ, გადავისხამ ბენზინს კი არა, ეს არაფერი არ იქნება, გადავაორთქლებ ქართულ ოცნებას. უბრალოდ ძმის საფლავს ვითხოვ. არ გაბედონ და არავინ არ დააშანტაჟონ,“ - განაცხადა იაგო შარაძის დამ თამარ შარაძემ.

დღის ამბები