სამტრედიის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორ-გამომძიებლი გოდერძი თევზაძე უკვე ოფიციალურად ძებნილია.
მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად გუშინ შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტოს ინფორმაციით, მას საქართველოს ტერიტორია დატოვებული არ აქვს. საქმეზე გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს.
„წერილის სანდოობაზე აღარ დგას უკვე კითხვის ნიშნები, ვინაიდან დადასტურდა გვამის ექსპერტიზით, რომ ნამდვილად აღენიშნებოდა გარდაცვლილს სხეულს სხვადასხვა არეში სხვადასხვა ტიპის დაზიანებები,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა გურამ იმნაძემ.
სამართლიან გადაწყვეტილებად აფასებენ, გოდერძი თევზაძის ოფიციალურად ძებნილად გამოცხადებას გარდაცვლილი დემურ სტურუას ოჯახს წევრები.
„რაც შეიძლება დროზე გამოცხადდეს თვითონ, თორემ მაგის დაუკავებლობა არ იქნება. სამტრედიის რომელიღაც პოლიციელი უწყობს ხელს, ვინ მასთან ძალიან ახლოსაა," - განაცხადა დემურ სტურუას ბიცოლამ დარიკო ჯაშმა.
თევზაძე 22 წლის ახალგაზრდის თვითმკვლელობამდე მიყვანაშია ბრალდებული. დემურ სტურუას წამების ფაქტი ექსპერტიზამ უკვე დაადასტურა.