გონიოში სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის მიუხედავად შტორმისას დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები სანაპიროს არ ტოვებენ. კურსანტების ახლობლები ადგილზე რჩებიან, მათი ნაწილი კი პროტესტის უკიდურეს ფორმასაც მიმართავს.
იაგო შარაძის დედამ გუშინ გვიან ღამით შიმშილობა დაიწყო. მთავარი მოთხოვნა ჯარისკაცების ცხედრების პოვნაა.
სამძებრო სამუშაოების შეწყვეტის შესახებ ოჯახმა ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით შეიტყო. იქამდე, ვიდრე თავდაცვის სამინისტრო ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებდა.
როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, იმ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე თურქული ხომალდი იმყოფებოდა გონიოში, არასწორად მიმდინარეობდა სამძებრო სამუშაოები, რადგან ხომალდი მცირე მონაკვეთზე მოძრაობდა და სამუშაოების განხორციელება უფრო ფართო მასშტაბზე არ ხდებოდა.
„მე უვადო შიმშილობა გამოვაცხადე და გაგრძელდება, სანამ ჩემი შვილის ცხედარს არ ჩამაბარებენ,“ - განაცხადა იაგო შარაძის დედამ ელენე მაკრიდისმა.
ოჯახის წევრების მთავარი მოთხოვნა არის, რომ ცხედრები იყოს მოძებნილი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართონ, ისინი ასევე გზის გადაკეტვაზე საუბრობენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე