19 ნოემბერი 2024,   21:54
ვრცლად
იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგში რუსეთიდან 1775 დეპორტირებულის საქმე გადააგზავნა 

იუსტიციის სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა. საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა ბექა ძამაშვილმა საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა ე.წ დეპორტირებულების საქმესთან დაკავშირებით.

უწყების მიერ, დღეის მდგომარეობით სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გაეგზავნა 1775 ქართველის შესახებ დეტალური მონაცემები, მათი გამოძევების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. ძამაშვილმა, ასევე, ისაუბრა თუ რა ღონისძიებები განხორციელდა დღემდე, რა ეტაპზეა სიტუაცია და რა პროცედურები იქნება შემდგომში.

„საქართველოს მთავრობამ აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში შეიტანა 2007 წლის 26 მარტს. მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობა რუსეთიდან გამოძევებული 4634 ჩვენი მოქალაქის უფლებების დარღვევაზე დაობდა, მთავრობის მიერ 2008 წელს მხოლოდ 118 დაზარალებულის სია იქნა წარდგენილი. თუ რატომ, ამაზე ჩვენ ახსნა არ გვაქვს,“ - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა. 

უწყებიდან გაგზავნილი სია არის საილუსტრაციო, რომელიც რუსული მხარის პოზიციის საპირისპიროდ ადასტურებს, რომ 2006 წლის შემოდგომაზე ნამდვილად მოხდა საქართველოს 4600-ზე მეტი  მოქალაქის რუსეთიდან გამოძევება.

ამიტომ, ქართული მხარე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რუსეთის მხრიდან თანამშრომლობის და გამოძევებული ქართველების შესახებ მონაცემთა ბაზებში დაცული სრული ინფორმაციის სტრასბურგის სასამართლოსთვის მიწოდების აუცილებლობას.

რაც შეეხება შემდეგ პროცედურებს, მხარეების მიერ დღემდე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სტრასბურგის  სასამართლო თავად გადაწყვეტს, აქვს თუ არა ყველა საჭირო ინფორმაცია გადაწყვეტილების მისაღებად.

დღის ამბები