ორი სპეცრაზმელი თავდაცვის სამინისტრომ დაკარგულად გამოაცხადა და ძებნის ოპერაცია შეწყვიტა. ამის შესახებ მინისტრმა დაკარგულების მშობლებს თავად შეატყობინა, თუმცა ოჯახის წევრები ძებნის გაგრძელებას ითხოვენ და გონიოს სანაპიროზე შიმშილობა გამოაცხადეს.
კიდევ ერთი სკანდალური განცხადება ლევან იზორიამ მოგვიანებით გააკეთა. გაირკვა, რომ ინტრსუქტორებს, რომლებიც მყვინთავების წვრთნებზე იყვნენ პასუხისმგებელი, შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნდათ. იზორია ამბობს, რომ თავდაცვის უწყებაში ბოლო 6-7 წლის განმავლობაში მყვინთავ-ინსტრუქტორის სპეციალისტს არ უმუშავია. მინისტრის ბრძანებით ყველა მსგავსი სწავლება დროებით შეწყდა.
ლევან იზორიას განცხადებას გენერალური შტაბის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. მან მინისტრის განცხადება ჩაასწორა და განმარტა, რომ სპეცრაზმელებს მომზადების პროგრამა ჰქონდათ, თუმცა შესაძლოა მასში გარკვეული ხარვეზები ყოფილიყო.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, კი ამბობს, რომ მოქმედი მინისტრის განცხადებით ჯარისკაცების დისკრედიტაცია ხდება.
დაკარგული სამხედროების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, საქმეს მთავარი პროკურატურა სწავლობს.
დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნა შეწყვიტა თურქულმა ხომალდმაც, ინფორმაცია გვიან ღამით ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
ჯარისკაცები შავ ზღვაში 15 დღის წინ დაიკარგნენ.
ავტორი: დავით კაკულია.