19 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
"სულ რომ აკრძალოთ ეგზიტპოლების გამოქვეყნება, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ" - ნიკა გვარამია

8 ოქტომბერს 8 საათზე რუსთავი 2-ის ეთერში GFK-ს ეგზიტპოლების შედეგები გახდება ცნობილი. საერთაშორისო ორგანიზაცია პროპორციული არჩევნების მონაცემებს და პოლიტიკური პარტიების პროცენტულ მაჩვენებლებს გამოაქვეყნებს.

220 საარჩევნო უბანზე ქვეყნის მასშტაბით, 10 ათასი ამომრჩეველი გამოიკითხება. არჩევნების ეგზიტპოლების ცდომილება სავარაუდოდ 1 პროცენტი იქნება.

დღესვე, გაიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა, რომელიც მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც კომისიას წერილობით შალვა რამიშვილმა მიმართა. 

კომისია რუსთავი 2-სგან ეგზიტპოლების შესახებ დამატებით ინფორმაციას ითხოვს, კერძოდ საუბარია იმ ინფორმაციაზე თუ როგორ გადაამოწმა არხმა ჩატარებული კვლევების სიზუსტე. ასევე მარეგულირებელი ითხოვს საველე სამუშაოების შესახებ დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ ჩატარდა ის, ვის მიერ და რა ფომით იყო წარმოდგენილი კითხვარი. 

მარეგულირებელი რუსთავი 2-სგან ასევე ითხოვს კომპანია GFK-სა და რუსთავი 2-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ამ დოკუმენტის მიწოდებაზე სამაუწყებლო კომპანია მზად არის.  

"ვადები შემჭიდროვებულია, თუმცა სხვა გამოსავალი ვერ დავინახეთ. ვერ გავიზიარებ თქვენ წერილში ნახსენებ ფრაზას, რომ კომისია არის მიკერძოებული. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ კომისია ვალდებულებას ასრულებს,"- განაცხადა სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ ვახტანგ აბაშიძემ. 

თავმჯდომარეს რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, უპასუხა. გვარამია ამბობს, რომ სამაუწყებლო კომპანიამ ყველა საჭირო დოკუმენტაცია უკვე მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომოეტენციის ფარგლებში, ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე წარდგენილია.  

"ჩვენს კომპეტენციაში მეტი რამის წარმოდგენა არ შედის. ჩვენთან არავითარი სხვა დოკუმენტაცია არ არის. მივიჩნევ კომისიის დამოკიდებულებას არასწორად, კანონთან შეუსაბამოდ. ამ წარმოების დაწყება არის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში მსგავსი ფაქტი ყველა ტელეკომპანიის წინააღმდეგ დაიწყებოდა. ამას კი, ჩემი ინფორმაციით, ადგილი არ აქვს. ადმინისტრაციული წარმოების დაწყება დოკუმენტების წარმოუდგენლობაზე, ამის კიდევ ერთი დასტურია. ეს არის კომისია, რომელიც სრულად არის პოლიტიზირებული. აქვე იკვეთება კომისიის მიზანი, რომელიც თანხვედრაშია ხელისუფლების მიზანთან, არ მოგვცეთ საშუალება ეგზიტპოლების გამოქვეყნების. რაც არ უნდა დაადგინოთ, სულ რომ აკრძალოთ ეგზიტპოლების გამოქვეყნება, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ,"- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომისიის სხდომაზე ისაუბრა მარეგულირების წარმომადგენელმა კობა ბექაურმაც. 

"არხმა უნდა წარადგინოს ის თუ როგორ გადამოწმდა კვლევების სიზუსტე. კანონში წერია, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა გადაამოწმოთ. ნებისმიერ სამუშაო პროცესს შესაბამისად ჰქონდეს გადამოწმება და კონტროლი,"- განაცხადა ბექაურმა. 

მარეგულირებლის წარმომადგენლის ამ განცხადებას ნიკა გვარამიამ უპასუხა. 

"აუდიტი დავიქირაოთ? თქვენი ლოგიკით ჩვენ უნდა ვიქირაოთ განმახორციელებელიც და მისი ზედამხედველიც. ის განმარტება, რასაც იძლევით, არის აბსურდული. მე მყავს დაქირავებული მსოფლიოში დიდი ხუთეულის წარმომადგენელი და მეუბნებით, რომ პირობითად, იაგო კაჭკაჭიშვილის მეშვეობით ის გადავამოწმო, ეს არის აბსურდი,"- განაცხადა გვარამიამ. 

სხდომა მარეგულირებელში დღეს უკვე დასრულდა და ის ხვალ განახლდება. კომისიამ რუსთავი 2-ს დამატებითი დოკუმენტების წარდგენისთვის რამდენიმე საათი მისცა. კერძოდ არხმა კომისიაში დამატებითი საბუთები ხვალ 13:00 საათამდე უნდა წარადგინოს. 

იმ შემთხვევაში თუ კომპანია ან ჩათვლის, რომ დოკუმენტაცია არ არის სრულყოფილი ან დაადგენს რომ კლვევა არასწორია, შესაძლოა, სამაუწყებლო კომპანია დაჯარიმდეს. თუმცა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარეგულირებელი, უცნობია. 

მარეგულირებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს სასამართლოში აქვს. გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას სამაუწყებლო კომპანია ცნობილი მას შემდეგ გახდება, რაც კომისიის გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. 

ავტორი ელისო ჯარიაშვილი

დღის ამბები