07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ადასტურებს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას ადასტურებს. ამის შესახებ რექს ტილერსონმა ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა.

სახელმწიფო მდივნობის კანდიდატმა დადებითი პასუხი გასცა სენატორ ბობ მენდესის კითხვას -​ არღვევს თუ არა რუსეთი უცხო ქვეყნების, კერძოდ, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით, საერთაშორისო კანონებსა და ნორმებს.

რექს ტილერსონი დაეთანხმა სენატორს იმაშიც, რომ საერთაშორისო წესრიგი სუვერენული ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და მათი საზღვრების ურღვევობას გულისხმობს და რომ რუსეთი ამ პრინციპს უგულებელყოფს.

ოფიციალური მოსკოვის აგრესიულ ქმედებებზე დღეს განცხადება ბრიუსელშიც გაკეთდა.

“ჩვენ ვხედავთ რუსეთს, რომელმაც მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩადო თავის შეიარაღებულ ძალებში, თანამედროვე სამხედრო შესაძლებლობებში, რუსეთს, რომელიც მზადაა სამხედრო ძალა გამოიყენოს მეზობლების წინააღმდეგ, როგორც ეს ვნახეთ საქართველოში, უკრაინაში ყირიმის უკანონო ანექსიით და აღმოსავლეთ რეგიონებში სეპარატისტების მხარდაჭერით. ეს არის მიზეზი, რის გამოც ნატომ მას ცივი ომის დასრულების შემდეგ, კოლექტიური თავდაცვის ყველაზე მასშტაბური გაძლიერებით უპასუხა," - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

დღის ამბები