07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ქართველი სამხედროს საქმე - უკრაინის გენ პროკურორის მოადგილემ "რუსთავი 2"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე გია ცერცვაძის საქმეზე საუბრობს. ევგენი ონინმა ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავი 2-ს მისცა.

ევგენი ენინმა ვრცლად ისაუბრა ქართველ მებრძოლზე. მისი განცხადებით, უკრაინულ მხარეს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი, ვინაიდან გია ცერცვაძე წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ონინის განცხადებით, ცერცვაძის საქმეზე უკრაინის გენერალურ პროკურორსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს შორის საუბარი შედგა, ასევე საუბარი შედგა ევგენი ონინსა და გენერალური პროკურორის მოადგილეს გიორგი გოგაძეს შორის.

ონინის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ საქართველოს პროკურატურას ცერცვაძის საქმეზე სრული ინფორმაცია მიაწოდა. 

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ამბობს, რომ უკრაინის პროკურატურა ამ დრომდე ცდილობს მოიპოვოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ გია ცერცვაძე უკრაინაში უკრაინის მხარეს იბრძოდა, რის შედეგადაც მას სასჯელი შეუმსუბუქდება და უკრაინის პროკურატურა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ცერცვაძე პატიმრობიდან გათავისუფლდეს.

„მოცემულ სიტუაციაში ჩვენ გვსურს მივმართოთ ფაილების კონტროლის კომისიას, ინტერპოლში, რათა გავიგოთ: მოხდა თუ არა კონკრეტული ფაქტის საფუძვლიანი გამოკვლევა, სანამ ამ მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნას გამოაცხადებდნენ. თუკი არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის პოლიტიკური ან სამხედრო დანაშაულის გამო დევნა, მაშინ როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, ინტერპოლის წესდება კრძალავს ადამიანზე ძებნის გამოცხადებას. რა ელოდება ბატონ ცერცვაძეს ჩვენთან? როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მისი დროებითი დაკავების შესახებ, მანამ სანამ რუსეთიდან ოფიციალური მოთხოვნა არ მოვა მის გადაცემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას, რომ ბატონი ცერცვაძე იღებდა მონაწილეობას ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში და როგორც კი ის შესაბამის საბუთებს წარმოადგენს ამის დასამტკიცებლად, უკრაინის პროკურატურა არ გააპროტესტებს მისი დაკავების შეცვლას მაგალითად, ზედამხედველობის ქვეშ ყოფნაზე. ამის შემდეგ მოხდება ექსტრადიციული შემოწმება და მის რეზულტატებზე წინასწარმეტყველება მიჭირს, მაგრამ თუ ამ შემოწმების ფარგლებში გამოვლინდება ფაქტები, რომლებიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს არ გადავცეთ საქართველოს მოქალაქე რუსეთის ფედერაციას, ჩვენ უსიტყვოდ დავიცავთ ყველა საერთაშორისო კონვენციით აღებულ ვალდებულებას და ასეთ შემთხვევაში, საკითხი შემდეგნაირად დადგება - ან გადაცემაზე უარს ვიტყვით, ან უფრო ღრმად შევისწავლით ამ საკითხს. ჩვენ კონტაქტი გვაქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურორმა დაურეკა უკრაინის გენერალურ პროკურორს იური ლუცენკოს, მე კი ბრიუსელიდან ვესაუბრე საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ბატონ გოგაძეს. ჩვენ მოვილაპარაკეთ იმაზე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქმედებების კოორდინაცია, მათ შორის ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ვგრძნობთ ძალიან დიდ ყურადღებას საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ საქმეზე და როგორც ნებისმიერი ქვეყანა, საქართველოც ფიქრობს მისი მოქალაქის ბედზე. მივიღეთ ამის შესაბამისი მტკიცებულებაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,“-განაცხადა უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილემ. 

დღის ამბები