07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში-დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება

ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ხელი დღეს მოეწერება.

ხელმოწერის ცერემონიას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ პრემიერი შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან.

„დღეს სრულდება ძალიან შრომატევადი ხანგრძლივი პროცესი, რომელმაც უზრუნველყო საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და რომელმაც ხაზი გაუსვა საქართველოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას ევროკავშირთან. ეს პროცესი უკავშირდებოდა ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას ევროპულ სტრუქტურებთან, ასევე  წევრ სახელმწიფოებთან და რეფორმებს, რომელიც განახორციელა საქართველოს მთავრობამ,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რეგულაციაში საბოლოო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც 20 დღის ვადაში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის, შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით, უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

დღის ამბები