07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
"საქართველოს მთავრობამ "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა"-EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სამაუწყებლო კომპანიის წილის 60% ქიბარ ხალვაშს, 40% კი კომპანია პანორამას გადაეცა, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატები ეხმაურებიან.

ამერიკის საელჩო ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც შესაძლოა, ფაქტობრივად შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა.

მოვლენებს გამოეხმაურა  ეუთოს წარმომადგენელი დუნია მიატოვიჩიც. ის ტვიტერზე წერს რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იმედების გაცრუებას იწვევს და ის მედია პლურალიზმისთვის დიდი დარტყმა იქნება.

განცხადებები გაავრცელეს ევროპარლამენტარებმაც. ევროპის სახალხო პარტიის წევრმა გუნარ ჰოკმარკმა Twitter-ზე  დაწერა, რომ სასამართლომ სამწუხარო გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას.

რუსთავის 2-ის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმიანება ევროპის სახალხო პარტიის ვიცე -პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ ვოლსკი. Twitter-ზე  გაკეთებულ განცხადებაში ის წერს:

"როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს მთავრობამ რუსთავი 2-ის, უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის ხელში ჩასაგდებად გულუბრყვილო ევროკავშირისგან უვიზო მიმოსვლის მიღებამდე მოიცადა."

მომხდარს სამწუხაროს უწოდებს ევროპარლამენტარი და ლატვიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სანდრა კალნიეტე.

ფეისბუქზე გაკეთებულ ვრცელ განცხადებაში ის საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უზრუნველყოს მედია პლურალიზმი ქვეყანაში, რადგან მისივე თქმით,  პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.

დღის ამბები