07 ოქტომბერი 2024,   06:16
ვრცლად
რუსეთის აგრესია და მოსკოვის ჩარევა აშშ-ის საარჩევნო პროცესში - მსჯელობა კონგრესში გაიმართა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ამერიკის საარჩევნო პროცესში მოსკოვის ჩარევა და რუსული აგრესია უკრაინაში. თემაზე დღეს შეერთებული შტატების კონგრესში თითქმის 4 საათის მანძილზე მსჯელობდნენ.

კონგრესმენებმა არა ერთხელ გაიხსენეს საქართველოში 2008 წლის რუსეთის აგრესია და განაცხადეს, რომ დასავლეთის არასაკმარისმა ყურადღებამ გამოიწვია აგრესია უკრაინაში და შემდეგ უკვე შეტევა ამერიკულ არჩევნებზე.

„ამერიკის მოკავშირე საქართველოს ტერიტორიის მესამედს კვლავ რუსეთი აკონტროლებს და ოკუპირებული აქვს. მსოფლიომ მაშინ არაფერი გააკეთა. შემდეგ რუსეთი ყირიმში შეიჭრა, შეიყვანა იქ თავისი ხალხი და გამოაცხადა მის საკუთრებად. რუსები ისევ ყირიმში არიან, დასავლეთი კი მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს კარგი არ არის და ამას არანაირი პასუხისმგებლობა არ მოჰყვა. ამის შემდეგ რუსები აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდნენ. ახლაც იქ არიან და ცდილობენ მიიტაცონ უკრაინის ენერგორესურსებით მნიშვნელოვანი ნაწილი,“-განაცხადა კონგრესმენმა ტედ პომ.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციულ კამპანიასაც. ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც დღეს კონგრესში ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო, აღნიშნა, რომ ბრძოლის ველი ევროპის ყველა იმ ქვეყანაში გადის, სადაც არჩევნებია დაგეგმილი.

შეერთებულ შტატებში დემოკრატიული პროცესების დასაცავად კონგრესმენებს ელიოტ ენგელს და ჯერალდ კონოლის მომზადებული აქვთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სანქციებს დაუწესებს ყველას, ვინც ამერიკულ არჩევნებში ჩაერევა. კონგრესმენი ენგელი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოსაძიებლად ასევე ითხოვს ისეთი ტიპის კომისიის შექმნას, რომელიც 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ მუშაობდა. 

„მეტს ვეღარ მოვიცდით. როგორც ჩანს, ყოველ კვირას ვიგებთ ტრამპის კამპანიიდან ახალი პიროვნების შესახებ, რომელიც რუს მაღალჩინოსანს შეხვდა. პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, გენერალი ფლინი ასეთი კავშირების გამო უკვე გადადგა. გენერალური პროკურორიც შეხვდა რუსეთის ელჩს. აქ ყოველთვის ვხვდებით ელჩებს, მაგრამ ბატონმა სეშენსმა სიმართლე დამალა, სენატის იურიდიულ კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას. მისი ახსნა-განმარტება არასერიუზულად მიმაჩნია. მაინტერესებს, რატომ იყო ეს შეხვედრები საიდუმლო. ახლა ვიგებთ, რომ პრეზიდენტი რუსეთის ელჩს თავადაც შეხვდა. უამრავი უპასუხო შეკითხვა დაგროვდა,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ელიოტ ენგელიმ.  ​

 

დღის ამბები