07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
“ევროპის დასასრული" - ჯეიმს ქირჩიკის ახალი წიგნი და განხილვა ბრუკინგზის ინსტიტუტში

“ევროპის დასასრული" - ამ სახელწოდების წიგნი ჯეიმს ქირჩიკს ეკუთვნის. წიგნში იმ გამოწვევებზე და საფრთხეებზეა საუბარი, რომელთა წინაშეც ევროპა დგას.

ანტისემიტიზმი, პოპულისტური ნაციონალიზმი და ტერიტორიებთან დაკავშირებული აგრესია არის იმ საფრთხეების არასრული ჩამონათვალი, რომელიც ომის შემდგომი ევროპული წესრიგის შენარჩუნებას ემუქრება.

ავტორი ასევე საუბრობს საქართველოზე და აგვისტოს ომზე. წიგნში ხაზგასმულია, რომ 2008 წლის აგრესიას მწვანე შუქი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებამ აუნთო. ჯეიმს ქირჩიკი ამბობს, რომ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას არ აქვს სურვილი, რომ ალიანსი გააძლიეროს და მის გაფართოებას ხელი შეუწყოს.

„ჩემი აზრით, ამერიკის პრეზიდენტი ნატოს არ აფასებს. მას არ ესმის, რა მიზეზები, რისთვის შეიქმნა და აგრძელებს ნატო არსებობას. ის ამ საკითხს გარიგების კუთხით უყურებს და არ ესმის, თუ რატომ არის ევროპის მშვიდობა და განვითარება შეერთებული შტატების ინტერესში,” - აცხადებს ჯეიმს ქირჩიკი. 

მისი ახალ წიგნსი განხილვა დღეს ბრუკინგზის ინსტიტუტში მოეწყო. ბრუკინგზის ინსტიტუტის ანალიტიკოსი ბობ ქეიგანი, აღმოსავლეთ ქვეყნების სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტად, ევროპის ერთიანობის შენარჩუნებას ასახელებს.

მისი თქმით, თუკი საფრანგეთის არჩევნები არასწორი მიმართულებით წავა და ლე პენი გაიმარჯვებს, ეს ევროკავშირში კრიზისის დასაწყისი იქნება, რაც არ უნდა იყოს შეერთებული შტატების ინტერესში და ვაშინგტონმა ევროკავშირის ერთიანობის შენარჩუნებას ხელი უნდა შეუწყოს.

წიგნის ავტორი კი მიიჩნევს, რომ ევროპაში ძლიერი ლიბერალური ცენტრის განახლების დროა, რათა ევროპამ დღევანდელი გამოწვევების ფონზე, საკუთარი თავის და ღირებულებების დაცვა შეძლოს.

დღის ამბები