07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არმია რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ბაქოს V გლობალური ფორუმის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი მარგველაშვილმა 50-ზე მეტი ქვეყნის მოქმედ და ყოფილ ლიდერს სიტყვით მიმართა და ყურადღება მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა.

"ჩემი ქვეყანა ბოლო 25 წლის განმავლობაში გლობალური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის თითქმის ყველა საერთაშორისო მისიის აქტიური მონაწილეა. გვჯერა, რომ ამ პროცესის ხელის შეწყობა საქართველოს უფრო სტაბილურს ხდის, მაგრამ ამავდროულად, საქართველო არის სამწუხარო მაგალითი პრივილეგირებული ინტერესთა ზონის კონცეფციაზეა აგებული საერთაშორისო ურთიერთობის. საქართველო არის ოკუპირებული მეზობელი, ძალიან ძლიერი ბირთვული ქვეყნის, რუსეთის მიერ. ფაქტია, რომ ქვეყანა, რომელსაც წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, მეზობელი სახელმწიფოსგან იტანჯება. გუშინ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. არმია რუსეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ მოექცა. ვფიქრობ, რომ მომავალი სტაბილურობა მსგავს შემთხვევებზე ძალიან მკაცრ და კრიტიკულ რეაგირებაშია,” - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე რეგიონში მიმდინარე პროექტებიც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ კავკასიის რეგიონი უმნიშვნელოვანესია სატრანსპორტო და ლოჯისტიკის სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება.

სესიაზე დამსწრე საზოგადოებას მონტენეგროს, მაკედონიის რესპუბლიკის, ალბანეთის, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა და საუდის არაბეთის პრინცმაც მიმართეს.

"ჩვენთვის ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ვგეგმავთ სავაჭრო პალატის შეხვედრის, ასევე ბიზნეს ფორუმის ორგანიზებას, საერთო რესურსების გამოყენებას. ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით ვგეგმავთ სხვადასხვა შეთანხმების გაფორმებასაც,” - განაცხადა მონტენეგროს პრეზიდენტმა, ფილიპ ვუჟანოვიჩიმ.  

კონფლიქტების მოგვარების გართულებაზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის ყოფილი პრეზიდენტმაც.  

ვალდის ზატლერსი ამბობს, რომ დღეს საქართველოს და ლატვიას მსგავსი ისტორიული გამოწვევები აქვს, რადგან ორივე ქვეყანა თავისუფლებისთვის იბრძვის.  

მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის არსებულ ვითარებაში უკიდურესად პროგრესული მომავლის წინაპირობაა.

დღის ამბები