07 ოქტომბერი 2024,   06:20
ვრცლად
ამერიკელ კონგრესმენთა ნაწილი დონალდ ტრამპისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დირექტორისა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს თეთრი სახლი ეხმაურება.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრეს სპიკერის განცხადებით, გამოძიება არ ნიშნავს იმას, რომ დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბს რუსეთის მთავრობასთან კავშირი ჰქონდა.

მოსმენა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში 4 საათი გრძელდებოდა. არჩევნებში რუსეთის ჩარევის მცდელობის გარდა, სხდომაზე განხილვის მთავარი თემა ფარული მოსმენებიც იყო, რაშიც დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას ადანაშაულებს.

ამერიკელი კონგრესმენების ნაწილი მოითხოვს, დონალდ ტრამპმა ბოდიში მოიხადოს. დაზვერვის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, განცხადებები დემოკრატმა კონგრესმენებმა გააკეთეს.

კანონმდებლები ბოდიშს ელოდებიან ტრამპის იმ განცხადების გამო, რომ ობამას დავალებით მის ოფისს უსმენდნენ.

„ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ამერიკელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს Twitter-ში მისი განცხადების გამო. ის ნათლად მიანიშნებდა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ და FBI-მ დანაშაუილი ჩაიდინეს. ცხადია, ეს ასე არ ყოფილა და მან ამერიკელ ხალხს ბოდიში უნდა მოუხადოს,“ - განაცხადა კონგრესმენმა მაიკ ქაფუანომ.

დაზვერვის კომიტეტის სხდომა დილის 10 საათზე დაიწყო და საღამომდე გრძელდებოდა. კომიტეტის დასრულების შემდეგ, საკითხზე სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა კომიტეტის თანათავმჯდომარემ უმცირესობიდან, ადამ შიფმა.

დღის ამბები