07 ოქტომბერი 2024,   06:23
ვრცლად
აქციის დროს დაკავებული რუსი ოპოზიციონერის ოფისებში ჩხრეკა ჩატარდა

აქციის დროს დაკავებული რუსი ოპოზიციონერის ოფისებში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს და კომპიუტერული ტექნიკა გაიტანეს. თავად ალექსეი ნავალნი პატიმრობაშია, მას მოსკოვის სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს.

ოპოზიციის ლიდერი ერთ-ერთია იმ 1030 კაცს შორის, რომლებიც კორუფციის წინააღმდეგ დედაქალაქში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციის დროს აიყვანეს. თავდაპირველად მიტინგზე, რომელზეც ხალხი სკანდირებდა ლოზუნგს - რუსეთი პუტინის გარეშე, 500 კაცი დააკავეს. დღეს დილით კი გაირკვა, რომ მათი რიცხვი 1000-ზე მეტია.

საპროტესტო აქცია რუსეთის 70 ქალაქში ჩატარდა. ყველაზე მრავალრიცხოვანი დედაქალაქში იყო. ხალხის ქუჩაში გამოსვლის საბაბი ალექსეი ნავალნის ფონდის მიერ მომზადებული ანგარიშის პუბლიკაცია გახდა, სადაც დიმიტრი მედვედევის საიდუმლო აქტივებზე და ძვირადღირებულ საცხოვრებელ სახლებზე იყო საუბარი.

მომიტინგეები ტრადიციულად პუშკინის მოედანზე შეიკრიბნენ, ნავალნის ფონდის ინფორმაციით, აქციას 20-დან 25 ათასამდე ადამიანი დაესწრო, ასეთი მრავალრიცხოვანი მიტინგი 2012 წლის ოპოზიციური მსვლელობების შემდეგ, პირველად ჩატარდა.

დაკავებებით დასრულდა აქცია სანქტ-პეტერბურგში. პოლიციის განყოფილებებში 130 მომიტინგე გადაიყვანეს. 140 დააკავეს მახაჩკალაში, 200 კი კრასნოდარში.

მომიტინგეთა დაკავებები დაგმო შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა. უწყების წარმომადგენელმა მარკ ტონერმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, სადაც ეს ფაქტი დემოკრატიული ღირებულებების უპატივცემულობად შეაფასა და რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერთან ერთად, სხვა დაპატიმრებული აქტივისტების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ავტორები:თამარ ჭავჭავაძე, გივი კაჭარავა

დღის ამბები