07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა

საქართველოს წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა ვიზალიბერალიზაციის მეორე დღე ქართველ სტუდენტებთან და მეცნიერებთან ერთად ბრიუსელს დათვალიერებას დაუთმო.

ვიზიტის დასრულების შემდეგ შეფასებები გააკეთეს მმართველი გუნდის წევრებმა. ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე საუბრობს. ვიქტორ დოლიძის თქმით, დღეს უკვე საქართველოს მთავრობა მუშაობს იმისთვის, რომ ევროპასთან საქართველოს სრული ინტეგრაცია მოხდეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა, როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ ტუსკთან, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტთან ბატონ იუნკერთან. ის, რომ ვიზის საკითხი გადაწყვეტილია ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რათა მეტი დახმარება, მეტი პროგრამა, მეტი პრაგმატული ელემენტი შევიმუშაოთ ერთად, რათა საქართველოში უკეთესი განათლება, უკეთესი ინფრასტრუქტურა, უკეთესი აპრობირება მოხდეს იმ ინსტრუმენტების, რომელიც არსებობს აქ ბრიუსელში,“-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

ევროკავშირთან უფრო მეტი პოლიტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეც.

შენგენის ზონის ქვეყნების მიმართულებით სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ევროპის ქვეყნებში პრემიერ-მინისტრთან ერთად სამთავრობო დელეგაციის წევრები,  სტუდენტები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი პირები და პროფესორ მასწავლებლები იმყოფებოდნენ.  ისინი პირველი მგზავრები იყვნენ, რომლებმაც უვიზო რეჟიმით ისარგებლეს. 

ქართული დელეგაცია ბრიუსელს დაახლოებით ერთ საათში დატოვებს.

დღის ამბები