07 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ცინიზმია საუბარი ზოგიერთ მედიასაშუალებაში, რომ ტერაქტი იყო შურისძიება სირიაში რუსეთის პოლიტიკის გამო - სერგეი ლავროვი

სანკტ პეტერბურგში მეტროპოლიტენი დღეს რამდენიმე საათი კვლავ დახურული იყო. მიზეზი გუშინდელი ტერაქტის ადგილზე ბომბის სავარაუდო არსებობის შესახებ გავრცელებული ცნობა გახდა. სამართალდამცველებმა სადგური შეამოწმეს, თუმცა საეჭვო ვერაფერი იპოვეს.

ტერაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, რომელმაც "ცინიზმი" უწოდა იმ განცხადებებს, თითქოს მეტროში მომხდარი ტერაქტი, სირიაში რუსეთის პოლიტიკის გამო შურისძიება იყოს.

„ცინიზმია საუბარი ზოგიერთ მედიასაშუალებაში, რომ ტერაქტი იყო შურისძიება სირიაში რუსეთის პოლიტიკის გამო. სხვაგვარად ამას ვერ ავხსნი. სამწუხაროდ, ამას იზიარებს ბევრი საჯარო პირი მსოფლიოში. ჩვენი მოკავშირეების სოლიდარობა მოწმობს იმას, რომ ძალები უნდა მივმართოთ ექსტრემიზმის წინააღმდეგ და არ გამოვიყენოთ ის ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც, სამწუხაროდ, დღეს ხდება,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ტერაქტი 22 წლის ყირგიზმა მოაწყო. ვარაუდობენ, რომ მას ისლამისტებთან კავშირი ჰქონდა. ბოლო მონაცემით, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. შემთხვევის ადგილზე დაიღუპა ტერორისტიც. რუსეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული.

 

დღის ამბები