07 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
რუსეთმა აშშ-თან გაფორმებული მემორანდუმი გააჩერა

ამერიკელმა სამხედროებმა დონალდ ტრამპის ბრძანების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში პუტინის მთავარი მოკავშირის, სირიის სამთავრობო ძალების, დაბომბვა დაიწყეს.

ამერიკული სარაკეტო იერიშების სამიზნე ბაშარ ასადის მიერ კონტროლირებადი ის სამხედრო ბაზებია, საიდანაც 4 დღის წინ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რასაც 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე შეეწირა.

პასუხად რუსეთმა უკვე შეაჩერა ამერიკასთან გაფორმებული მემორანდუმი სირიაში ავია ინციდენტების, პრევენციისა და ფრენების უსაფრთხოების შესახებ და გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.

იერიშის დაწყების შესახებ რუსული მხარე გაფრთხილებული იყო. პენტაგონის წარმომადგენელთა განცხადებით სამიზნე არ ყოფილა ავიაბაზის ის ტერიტორია, სადაც რუსული შენაერთებია ბაზირებული. დაიბომბა ანგარი, იარაღის საწყობები, ბუნკერები და საჰაერო თავდაცვის და სარადარო სისტემები.

სირიის ხელისუფლების განცხადებით, იერიშების შედეგად ბაზაზე 6 სამხედრო დაიღუპა. დამასკო ასევე ირწმუნება, რომ დაბომბვებს მსხვერპლი აეროდრომთან ახლოს მდებარე დასახლებაშიც მოყვა. თუმცა, ზუსტ რიცხვს დამასკო არ ასახელებს და ამერიკელებს აგრესიაში ადანაშაულებს.

ავიადარტყმები, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრძანებით რამდენიმე დღის წინ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ დაიწყო, სირიის ხელისუფლების გარდა, დაგმო რუსეთმაც.

განცხადება ვლადიმერ პუტინის სახელით მისმა პრესმდივანმა გააკეთა და შეტევა აგრესიად შეაფასა.

მოსკოვის პოზიციას იზიარებს ირანიც, რომელიც ასევე გმობს ამერიკელების საჰაერო ოპერაციას. მოსკოვისა და თეირანისგან განსხვავებით, ავიაიერიშს დროულს უწოდებს საერთაშორისო გაერთიანება. დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი, საუდის არაბეთი, თურქეთი და ავსტრალია ვაშინგტონის გადაწყვეტილებას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

შეგახსენებთ, რომ სირიაში საჰაერო ოპერაცია კოალიციასთან ერთად 2014 წელს ბარაკ ობამამ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ამერიკული ავიაცია მხოლოდ ტერორისტული დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს ობიექტებს უტევდა. ეს კი პირველი საჰაერო იერიშია, რომელიც სირიის სამთავრობო ობიექტზე განხორციელდა. 

დღის ამბები