07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
თავდასხმა პარიზში, რომელშიც ტერორისტული კვალი იკვეთება - პასუხისმგებლობა "ISIS"-მ აიღო

თავდასხმა პარიზში, რომელშიც ტერორისტული კვალი იკვეთება - ეს არის საფრანგეთის მთავრობის პირველი შეფასება თავდასხმაზე, რომელიც შანზ ელიზეზე გუშინ საღამოს 9 საათზე განხორციელდა. სროლის შედეგად დაღუპულია 1 ხოლო დაშავებულია 2 ადამიანი. გარდაცვლილი პოლიციელია.

სამართალდამცველებმა შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია ადგილზევე მოახდინეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა რამდენიმე საათში დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. სპეციალურ განცხადებაში დაჯგუფება თავდამსხმელს "ბელგიელად" მოიხსენიებს, პოლიციის ინფორმაციით კი ის წარმოშობით ფრანგი იყო.

სამართალდამცველებს ეჭვმიტანილი კონტროლზე მანამდეც ჰყავდათ აყვანილი, მისი რადიკალური ისლამისტური იდეოლოგიის გამო. მან წარსულში ერთი პოლიციელიც დაჭრა. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა და ავტომატიდან სროლა დაიწყო.

საფრანგეთში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდია დაგეგმილი. ქალაქში გაძლიერებულია უსაფრთხოება. დღეს პარიზის დროით 8 საათზე პრეზიდენტი ოლანდი თავდაცვის საბჭოს მოიწვევს. 

"გამოძიება გრძელდება და დარწმუნებული ვარ, სიმართლეს დაადგენს. ეს ყველაფერი ტერორისტულ თავდასხმას ჰგავს. პარასკევისთვის უკვე მოვიწვიე თავდაცვის საბჭო. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების ძალები, პოლიცია და სამხედროები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან," - განაცხადა ოლანდმა.  

დღის ამბები