07 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება - მეორე ტური 7 მაისს გაიმართება

საფრანგეთი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება. პირველი ტურის წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ, საზეიმო განწყობა მხოლოდ ორი კანდიდატის საარჩევნო შტაბში იყო. ცენტრისტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი მეორე ტურში გადავიდნენ. ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 97%.

ხმების 23%-ით პირველ ტურში მაკრონმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი 21%-ით ნაციონალისტების ლიდერია.

„ორ კვირაში მინდა გავხდე თქვენი პრეზიდენტი, ყველა ფრანგის პრეზიდენტი, ნამდვილი პატრიოტების პრეზიდენტი ნაციონალისტების მხრიდან მომდინარე საფრთხესთან გასამკლავებლად,“ - განაცხადა მაკრონიმ.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მხარდამჭერებს მარინ ლე პენმაც მიმართა და ამომრჩევლებს მოუწოდა, მეორე ტურში ხმა მისცენ საფრანგეთს რომლის სუვერენიტეტიც და საზღვრებიც დაცული იქნება.

“დროა გავათავისუფლოთ ფრანგი ხალხი ამპარტავანი ელიტისგან, მათ სურთ ხელში აიღონ კონტროლი მხოლოდ იმიტომ, რომ მე ხალხის კანდიდატი ვარ. მოვუწოდებ ნამდვილ პატრიოტებს შემომიერთდნენ,“ - განაცხადა ლე პენმა.

არჩევნებში სულ 11 კანდიდატი მონაწილეობდა. თუმცა, ფავორიტად მხოლოდ 4 სახელდებოდა. ყოფილი პრემიერი ფრანსუა ფიიონი მეორე ტურში ვერ გადავიდა. მან და კიდევ ერთმა კანდიდატმა ულტრამემარცხენე ჟან ლუკ მელანშონმა ხმების მხოლოდ 19% მოაგროვეს.

ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონმა კი უკვე მიმართეს თავიანთ ამომრჩევლებს და მეორე ტურში ემანუელ მაკრონის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

საარჩევო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ პარიზის ქუჩებში ნაციონალიზმის მოწინააღმდეგეები გამოვიდნენ. ისინი მარინ ლე პენის მეორე ტურში გადასვლას აპროტესტებდნენ. ბასტილიის მოედანზე მომიტინგეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებაც მოხდა. დაშავდა ორი მომიტინგე.

არჩევნების მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. საფრანგეთის მოქმედმა პრეზიდენტმა უკვე მიულოცა 39 წლის ემანუელ მაკრონს პირველ ტურში მიღწეული წარმატება.

ავტორები:მალხაზ მეგრელიშვილი

დღის ამბები