07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატები მხარდამჭერებს დღეს პირველად შეხვდნენ

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ, ემანუელ მაკრონი და მარინ ლე პენი მხარდამჭერებს დღეს პირველად შეხვდნენ. ორ კვირაში ფრანგი ხალხი არჩევანს სწორედ ამ ორ კანდიდატს შორის გააკეთებს. ფავორიტად ფინანსისტი მაკრონი სახელდება, პირველ ტურში დამარცხებული კანდიდატების უმრავლესობაც მის მხარდასაჭერად ერთიანდება.

კანდიდატები, რომლებიც პირველ ტურში დამარცხდნენ, ემანუელ მაკრონის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. ფრანსუა ფიიონმა და ბენუა ამონმა უკვე მოუწოდეს მხარდამჭერებს, 7 მაისს ხმა მაკრონის სასარგებლოდ მისცენ. შეუერთდება თუ არა ფიიონისა და ამონის მოწოდებას ულტრამემარცხენე ჟან ლუკ მელანშონი, ჯერ უცნობია.

არჩევნების პირველი ტური საფრანგეთში აქციების ფონზე დასრულდა. პარიზის ცენტრში მარინ ლე პენის და მაკრონის მოწინააღმდეგეებიც გამოვიდნენ. მსვლელობა პოლიციელებთან შეტაკებით დასრულდა. დაშავდა 6 ადამიანი, 29 დემონსტრანტი კი დააპატიმრეს.

მეორე ტური 7 მაისს გაიმართება. ემანუელ მაკრონი, რომელიც მარინ ლე პენისგან განსხვავებით, საფრანგეთს პროევროპული კურსის გაგრძელებას აპირდება, გამარჯვების შემთხვევაში, მეხუთე რესპუბლიკის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება.

მისი პირველი წარმატება არჩევნებში ევროპის ბირჟებზე დადებითად აისახა, დოლართან მიმართებაში ევროს კურსმა საგრძნობლად მოიმატა. 

დღის ამბები