07 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
უნდა შეჩერდეს თურქეთში უკუსვლა, რაც ბოლო წლებში შეინიშნება - რენე რუკე

ევროპელი დეპუტატები თურქეთში დემოკრატიული ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირების საკითხზე მსჯელობენ. ცოტა ხანში გაიმართება რეზოლუციის პროექტის კენჭისყრაც.

ერთ-ერთი შესწორება თურქეთის პოსტმონიტორინგის ფაზიდან მონიტორინგის ფაზაში გადასვლას გულისხმობს. დეპუტატთა განცხადებით, თურქეთში ადამიანის უფლებები ირღვევა და აუცილებელია ევროპული მონიტორები ხშირად ჩადიოდნენ ქვეყანაში, რათა არსებული ვითარების შეფასება მოხდეს.

ევროპელი დეპუტატების განცხადებით, ევროპისთვის და ევროკავშირისთვის თურქეთთან ურთიერთობაში წითელი ხაზი იქნება, რეფერენდუმის ჩატარება სიკვდილით დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით.

„პირველ რიგში უნდა შეჩერდეს თურქეთში უკუსვლა, რაც ბოლო წლებში შეინიშნება. ძალიან ფრთხილად და ყურადღებით უნდა ვიყოთ ოპოზიციის საქმიანობის მიმართ, მაგრამ ამავდროულად, დავეხმაროთ მათ, როდესაც მოითხოვენ კანონის უზენაესობის დაცვას.
დღევანდელი დებატები ღია დიალოგის წარმართვის საშუალებას გვაძლევს, რომელიც კონსტრუქციული და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული უნდა იყოს. მინდა ვუთხრა ჩვენს თურქ მეგობრებს, რომ მონიტორინგის მისია არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან უნდობლობის არსებობას,“ - განაცხადა რენე რუკემ.

დღესვე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრმა განაცხადა, რომ ევროპელი კანონმდებლების შეფასებები თურქეთთან მიმართებაში მიკერძოებულია.

„მინდა მადლობა გადავუხადო პატივცემულ თანამომხსენებლებს, მაგრამ სამწუხაროდ უნდა აღვნიშნო, რომ ანგარიშში მოყვანილი შეხედულებები მიკერძოებულია. ფაქტების მოსაძიებლად თავი არავის შეუწუხებია. მასში ნახსენებია, რომ დარღვეულია ადამიანის უფლებები. კონვენციის თანახმად კი, პარტიები, რომლებიც ძალადობას პროვოცირებენ, თავისუფალი შეკრების უფლებით ვერ ისარგებლებენ. ჩვენ სწორედ ის პარლამენტარები დავაკავეთ, რომლებიც ხალხს იარაღის ხელში აღებისკენ მოუწოდებდნენ. ეს კი შეესაბამება კონცეფციის მუხლებს,“ - აცხადებს საბან დისლი.

დღის ამბები