19 მაისი 2024,   19:34
ვრცლად
გიგლა აგულაშვილის მოხსენება - გარემოს დაცვის მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტი გარემოს დაცვის მინისტრს უსმენს. გიგლა აგულაშვილი გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა. მინისტრის მოსმენა კამათის ფონზე მიმდინარეობს. აგულაშვილმა კანონმდებლებს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის შედეგები გააცნო. ოპოზიცის წარმომადგენლები ცდილობენ, დასვან კითხვები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც არ ითვალისწინებს გარემოს დაცვის მინისტრის მოხსენება.

მინისტრი ნაწილობრივ გამწვანების პრობლემასაც და აღნიშნა, რომ რეგიონებთან დაკავშირებით კომპეტენციის ზღვარი არსებობს და ადგილობრივი თვითმმართველობები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენდა სამწუხაროდ, იყო ქალაქები, რომლებმაც ასე თვითნებურად ან გასხლეს, ან გადაბელეს ხეები და მიიღეს მძიმე შედეგები. თვითმმართველმა ქალაქებმა, მათმა არჩეულმა  თუ დანიშნულმა თანამდებობის პირებმა უნდა გაგვცენ პასუხი გარკვეულ კითხვებზე, ან სამინისტროს კომპეტენციები უნდა შეიცვალოს, რომ ჩვენ გვქონდეს მართვის გარკვეული სადავეები პროცესებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

ოპოზიციამ გარემოს დაცვის მინისტრის ძირითადი საკითხებისგან ყურადღების გადატანაში დაადანაშაულა.

ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ, მინისტრს დაპირებული მილიონი ხის დარგვა შეახსენა და ასევე „ბიძინა ივანიშვილის მოგზაური ხეები“.

„ის, რაზეც თქვენ დღეს საუბრობთ, აბსოლუტურად არის მოწყვეტილი რეალობას, რაც არის ჩვენ ქალაქში,“ - აღნიშნა ხოშტარიამ.

სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, რომელმაც მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ წარსულის  გარკვეული მიმოხილვა უნდა გაკეთდეს ხოლმე.

მან ასევე სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრებსაც მიმართა და დამშვიდებისკენ მოუწოდა.

გარემოს დაცვის მინისტრს ოპოზიცის წარმომადგენლებმა კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებების საკითხზეც დაუსვეს კითხვები.

 „დღევანდელი ხელისუფლების კისერზეა საყდრისის აფეთქება და შესაბამისად კულტურული გარემოს დანგრევა,“ - აღნიშნა  პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა.

 კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შესახებ შეახსენა მინისტრს მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, მამუკა ჩიქოვანმა.

 

 

 

დღის ამბები