07 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა შესაძლოა ესპანეთის მონარქის გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადონ 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხვალ სიტყვით ესპანეთის მეფე უნდა გამოვიდეს, თუმცა მას შესაძლოა ცარიელ დარბაზში მოუწიოს საუბარი.

მიზეზი ის არის, რომ დეპუტატები ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტისგან გადადგომის გარანტიებს ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა ესპანეთის მონარქის გამოსვლას ბოიკოტი გამოუცხადონ.

აგრამუნტის გადადგომასთან დაკავშირებით კენჭისყრები უკვე გაიმართა პოლიტიკურ ჯგუფებში.

რაც შეეხება ევროპის სახალხო პარტიის პოზიციას, რომლის წევრიც არის პედრო აგრამუნტი, პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის კომუნიკაცია ასადის რეჟიმთან. გარდა ამისა, ამბობენ, რომ პედრო აგრამუნტმა დაკარგა ნდობა საპარლამენტო ასამბლეაში და ის, რაც შეიძლება მალე უნდა გადადგეს.

"ბატონი ასადი უკანასკნელი ბოროტებაა ევროკავშირისთვის, ნატო-ს ქვეყნებისთვის, მთლიანად დასავლური მსოფლიოსთვის. მას ბრალად ედება მასობრივი მკვლელობა, სირიის შიგნით დემოკრატიული ოპოზიციის განადგურება. რუსებთან ერთად დგომა და შანსის მიცემა, რომ მათ გაუწიონ პედრო აგრამუნტის ვიზიტს ორკესტრირება, ნიშნავს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კარგავს ერთიანობას. ეს არის ადამიანის უფლებების სახლი და ჩვენი სტანდარტებისა და ღირსების შესანარჩუნებლად, პედრო უნდა გადადგეს და ეს გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოს,“ - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის ვიცე-პრეზიდენტმა ემანუელ ზინგერისმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი ვლადიმერ არიევი აცხადებს, რომ პედრო აგრამუნტმა ასამბლეაში ნდობა დაკარგა. მან ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე დღითაც კი აგრამუნტის დარჩენა პოსტზე ასამბლეის იმიჯის დამაზიანებელი იქნება.

დღის ამბები