07 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ამერიკელი სენატორები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებენ - ჯინ შაჰინი

ამერიკელი სენატორები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერას გააგრძელებენ. ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინიმ, პროგრეს ცენტრში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ალიანსის გაფართოების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.

შაჰინი ამბობს, რომ ნატოში მონტენეგროს მიღებით და აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, ნატოს გაფართოების იმედი არსებობს. სენატორმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ სამშვიდობო ოპერაციებში შეტანილ წვლილსაც.

სენატორი მოხსენებით წარდგა და  რუსეთის მიერ შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამოსაძიებლად, კომისიის შექმნა და სანქციების დაწესებაც მოითხოვა.
სენატორი განმარტავს, რომ პარტიული დაყოფა და ადმინისტრაციის მხრიდან ამ ჩარევის უარყოფა საშუალებას აძლევს რუსეთს, იგივე გაიმეოროს. შაჰინის თქმით, არჩევნებში რუსეთის ჩარევას, არა მხოლოდ ტრამპი, რესპუბლიკელთა 64% უარყოფს.

სენატორ შაჰინის მიერ წარდგენილი სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც 4 კომპონენტისგან შედგება. ეს არის ახალი სანქციების დაწესება მოსკოვის წინააღმდეგ, რასაც ჯონ მაკკეინის და ბენ კარდინის კანონპროექტი ითვალისწინებს.

უკრაინის დახმარება და მის მიმართ უფრო ძლიერი მხარდაჭერის დემონსტრირება, კრემლის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდასთან ბრძოლა და ნატოს მომავალ სამიტზე რუსეთისთვის ოფიციალურად პასუხის მოთხოვნა, საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დარღვევისთვის.

სენატორმა ყურადღება რუსულ პროპაგანდაზეც გაამახვილა და ხაზი გაუსვა მაუწყებელთა ეროვნული საბჭოს დახმარების აუცილებლობას, რათა მისი თქმით, რუსული პროპაგანდის საპირისპიროდ, საზღვარგარეთ გასული ამერიკული გადაცემებით სწორი ინფორმაციის გავრცელება იყოს ხელშეწყობილი.

დღის ამბები