07 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ევროსაბჭოში დეპუტატებმა აგრამუნტისთვის უნდობლობის გამოცხადებას და უფლების შეზღუდვას უყარეს კენჭი

ევროსაბჭოში ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე პედრო აგრამუნტი არ გამოცხადდა. დეპუტატებს მოლოდინი ქონდათ, რომ სწორედ დღევანდელ სხდომაზე გახდებოდა ცნობილი მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. დეპუტატები ერთსულოვნად თანხმდებიან, რომ თავმჯდომარემ ნდობა დაკარგა და მან გადადგომის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ბიუროზე ამ წუთებში კეთდება განცხადებები სწორედ ამ საკითხზე. იმის გამო, რომ საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის იმპიჩმენტს რეგლამენტი არ ითვალისწინებს, დეპუტატებმა მისთვის უფლებამოსილებების შეზღუდვაზე იმსჯელეს, მათ შორის, არ გამოუყონ ფინანსები ვიზიტებისთვის. ამ საკითხზე გავრცელდა ოფიციალური განცხადებაც.

"ბიუროს სხდომაზე აგრემუნტს არ შევხვედრივართ. მან ამჯობინა არ მოსულიყო და არც განცხადება გაეკეთებინა. ჩვენ კენჭი ვუყარეთ მისთვის უნდობლობის გამოცხადებას, ასევე უფლების შეზღუდვას, განახორციელოს ოფიციალური ვიზიტები ან გააკეთოს ოფიციალური განცხადებები ასამბლეის სახელით," - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრმა ვლადიმერ არიევმა. 

საქართველოს საკითხებზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი აცხადებს, რომ აგრამუნტისგან გადადგომის შესახებ წერილი არ მიუღიათ.

"ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ის გადადგომას არ აპირებს. ბიურომ გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღო, რომელსაც მალე გამოვაქვეყნებთ. მას თქვენ ოფიციალური განცხადებებით გაიგებთ, რომელსაც ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი გააკეთებს," - აღნიშნა ბორის სილევიჩმა. 

პედრო აგრამუნტის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო ევროპის სახალხო პარტიის წევრებისთვის. აგრამუნტი სწორედ ამ პარტიის წარმომადგენელია და პარტია მომხრე იყო, რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა თანამდებობა ასამბლეის პრეზიდენტს.

"პედრომ ფაქტობრივად გაგვაცურა. ის დღეს უნდა მოსულიყო სხდომაზე, რაც არ გააკეთა. ჩვენ ის ჯერ არ გაგვირიცხავს, მაგრამ შემდეგ სხდომაზე ჩვენ ამას სავარაუდოდ გავაკეთებთ,“ - განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის წევრმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ფუნქციებს როჯერ გეილი შეასრულებს.   

 

დღის ამბები