09 ოქტომბერი 2024,   14:18
ვრცლად
15 დაშავებული და ორი დაკავებული - დაპირისპირება სომხეთში

სომხეთის ქალაქ გუიმრიში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა მორიგი დაპირისპირება დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის. შეტაკება რუსეთის საკონსულოსთან მოხდა.

სომხეთში აქციის მონაწილეებმა რუსეთის საკონსულოს შენობაში შეღწევა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მათ სამართალდამცველებზე იერიში ქვებით და ბოთლებით მიიტანეს. პოლიციელებმა კი აქციის მონაწილეები საკვამლე ყუმბარებით შეაჩერეს. 

მთელი ღამის განმავლობაში გიუმრის ცენტრში პოლიციის კორდონი იყო მობილიზებული.

შეტაკების შედეგად, 15 ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამი პოლიციელია. ერთ-ერთს გადაუდებელი ოპერაციაც ჩაუტარდა. რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ გიუმრის პოლიციამ აქციის მონაწილეებს რუსეთის საკონსულოს მიმდებარე ტერიტორია დაატოვებინა. დაკავებულია 38 ადამიანი. 

ამ დროისთვის შეტაკების ადგილას სიწყნარეა, რადგან მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხური მხრიდან ერთი დეპუტატი და საპროტესტო აქციის მონაწილე რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზაზე შევლენ და ავეტისიანების ოჯახის მკვლელობაში ეჭვმიტანილ ვალერი პერმიაკოვს შეხვდებიან.

მათ ვიდეოჩანაწერიც უნდა გამოიტანონ იმის დამადასტურებლად, რომ ეჭვმიტანილი ისევ ბაზის ტერიტორიაზეა.

რუსი ჯარისკაცის დასჯის და სომხური მხარისთვის გადაცემას მოითხოვდნენ ერევანშიც. რუსეთის საელჩოსთან პოლიციამ 3 დემონსტრანტი დააპატიმრა.

დემონსტრანტები რუსეთის ბაზასთან გუშინ, დღისით შეიკრიბნენ და რუსეთის დროშა კიდევ ერთხელ გათელეს ფეხქვეშ. ვითარება კი რუსი ჯარისკაცის მიერ მოკლული ოჯახის დაკრძალვის შემდეგ დაიძაბა. მოსახლეობა პროკურატურის შენობასთან  სომხეთის ხელისუფლებისათვის დამნაშავის გადაცემის მოთხოვნით შეიკრიბა.

ამავე თემაზე
დღის ამბები