23 დეკემბერი 2024,   12:01
ვრცლად
დიპლომატიური გაურკვევლობა - ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა

გერმანელმა დიპლომატმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჰერბერტ ზალბერმა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს - ანატოლი ბიბილოვს არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა. დიპლომატიური გაურკვევლობის მთავარი მონაწილე იმავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეცაა.

„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩევნების შედეგები, რომელიც აქ ჩატარდა ცოტა ხნის წინ და მინდა მოგილოცოთ მუშაობის დაწყება ამ თანამდებობაზე, ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე, რომელიც ახლა გაქვთ,“ - განაცხადა ჰერბერტ ზალბერმა.

გერმანელი დიპლომატი ოკუპირებულ რეგიონში ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. შეხვედრისას მან ძალის გამოუყენებლობის შესახებაც ისაუბრა. 

ჰერბერტ ზალბერმა თქვა, რომ საჭიროა შეიქმნას დოკუმენტი, სადაც მხარეები ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას აიღებენ, თუმცა გერმანელ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ მხარეებზეა საუბარი.

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მივიღებთ მოკლე ტექსტს. ჩვენ ამაზე თქვენს თანამშრომლებთან საკმაოდ დიდხანს ვისაუბრეთ და თუკი ეს გამოვა, ეს ალბათ, მისცემს იმპულსს სამომავლო საქმიანობას. ეს არ იქნება დასასრული ამ სამუშაოების, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ უშუალოდ ეს საკითხი ძალის არ გამოყენების შესახებ თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს რეგიონის უსაფრთხოებისთვის და ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გვექნება ვალდებულებების მქონე იურიდიული დოკუმენტი, თუმცა, ჯერ ამ ეტაპზე არ ვართ,“ - განაცხადა ზალბერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები