07 ოქტომბერი 2024,   02:43
ვრცლად
მიზეზი, რის გამოც ვზრდით კონტიგენტს აღმოსავლეთით, რუსეთის აგრესიული ქმედებებია - იენს სტოლტენბერგი

ბრიუსელში დღეს სახელმწიფო მეთაურების დონეზე ნატოს სამიტი იხსნება. ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები ახალ შტაბ ბინას გახსნიან. უმაღლესი დონის შეხვედრას პრეზიდენტის სტატუსით, პირველად დაესწრებიან დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი.

სამიტის დაწყებამდე ალიანსის გენერალურმა მდივანმა  ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. მსოფლიოში არსებული სიტუაციის გამო ტერორიზმთან ბრძოლა დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხია. შეხვედრის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ნატო აქტიურად ითანამშრომლებს საერთაშორისო კოალიციასთან.

დამატებითი დეტალები საკითხზე დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

საუბარი იანს სტოლტენბერგის მხრიდან ნატოს ბიუჯეტის თემასაც შეეხო. ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ ბიუჯეტის გაზრდა რუსეთის აგრესიული ქმედებების გამო იგეგმება.

„დღეს შევთანხმდებით სამოქმედო გეგმაზე. როგორ გავაგრძელოთ ნატოს ძალისხმევა ტერორიზმთან ბრძოლაში. ეს გეგმა ბევრ ელემენტს მოიცავს და ერთ ერთი ISIS-ის წინააღმდეგ გლობალურ კოალიციასთან ნატოს მიერთებაა. ეს არის ტერორიზმთან საბრძოლველად ერთიანობის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი. ნატოს ჩართვა ასევე უზრუნველყოფს უკეთეს პლატფორმას ალიანსსა და კოალიციის დანარჩენ წევრებს შორის კოორდინაციისთვის. რაც შეეხება რუსეთს, ის ყოველთვის დგას ნატოს დღის წესრიგში და დღესაც განვიხილავთ რუსეთის თემას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მეტ ინვესტიციას ვდებთ კოლექტიურ თავდაცვაში და ვზრდით კონტიგენტს აღმოსავლეთით, არის პასუხი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე, რასაც უკრაინაში ვნახეთ,“ - განაცხადა იენს სტოლტენბერგი 

ბრიუსელში იმყოფებიან საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები. ამ წუთებში დონალდ ტრამპი შეხვედრას ევროკავშირის საბჭოში მართავს. მას მოლაპარაკებები საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან ექნება. ტრამპი შეხვდება ფედერიკა მოგერინის და ჟან კლოდ იუნკერსაც.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ბრიუსელი საპროტესტო აქციებით დახვდა. დონალდ ტრამპის ბელგიის დედაქალაქში ჩასვლის შემდეგ, ათობით არასამთავრობო ორგანიზაციამ მშვიდობიანი მარში გამართა.

დღის ამბები