07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მკაცრდება. მიზეზი ადამიანის უფლებების დარღვევა, უკრაინაში აგრესია, სირიის რეჟიმის შეიარაღება და ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კიბერთავდასხმებია.

ამერიკის ადმინისტრაციის მცდელობის მიუხედავად, დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები, კონგრესი მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს ამკაცრებს. ამ საკითხზე სენატის საგარეო და ბანკების კომიტეტებში შეთანხმება ოპერატიულ დონეზე საბოლოოდ მოხერხდა.

რაც ყველაზე მთავარია, კანონპროექტი ურთულებს ადმინისტრაციას ნებისმიერ მცდელობას, სანქციების მოხსნაზე.

“უაღრესად კმაყოფილი ვარ იმ მოქმედებით, რომლითაც შევძელით ამ მოლაპარაკებების მართვა. ჩვენი მხრიდან, კონკრეტულად მინდა გამოვყო სენატორების შაჰინის და მენენდეზის დახმარება, რომლებმაც შეაჯერეს ეს პაკეტი. ის აერთიანებს არა მხოლოდ ამ კომიტეტის მიერ დემოკრატიის ინიციატივაზე გაწეულ საქმიანობას, არამედ კიდევ ორ კანონპროექტს,”-განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ბენ კარდინიმ.

სენატორების ინიციატივა და განცხადებები დღეს თავად მოისმინა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. რექს ტილერსონი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სახელმწიფო დეპარტამენტის და USAID-ის მიერ 2018 წლის ფედერალურ ბიუჯეტში მოთხოვნილ თანხებზე სასაუბროდ იმყოფებოდა.

რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ ამერიკას და რუსეთს შორის ურთიერთობები ყველაზე დაბალ დონეზეა და ადმინისტრაცია ცდილობს მოსკოვთან რამე ურთიერთობა მაინც აღდგეს.

“ჩვენი ურთიერთობები ყველაზე დაბალ ნიშნულზეა და კიდევ უფრო უარესდება. ჩვენი მიზანი ამის დასტაბილურებაა. ვმუშაობთ, რამდენიმე კონკრეტული მიმართულებით, რომ შეიქმნას საფუძველი, რუსეთის მთავრობასთან გარკვეული სამუშაო ურთიერთობებისთვის, რომელიც ჩვენს ინტერესებშია,” - განაცხადა რექს ტილერსონმა.

ჯერჯერობით არ არის საბოლოოდ დადასტურებული, როგორი იქნება რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე თეთრი სახლის პოზიცია და ხომ არ დაადებს პრეზიდენტი ტრამპი ვეტოს ამ ინიციატივას. სენატორმა კარდინმა განაცხადა, რომ ის გაკვირვებული დარჩება, თუკი ადმინისტრაცია ამ პროექტს დაბლოკავს.

რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით სენატის შესწორებები კენჭისყრაზე უკვე უნდა გავიდეს. რუსეთის სანქციათა გაერთიანებული პაკეტი ირანის სანქციების კანონპროექტს მიებმება. კრემლში განაცხადეს, რომ კონგრესის ინიციატივას ნეგატიურად მიიჩნევენ.

დღის ამბები