18 მაისი 2024,   12:14
ვრცლად
ოპოზიცია მმართველ გუნდს კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებაში ადანაშაულებს

პარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში დღეს მმართველი პარტია საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვას განაგრძობს. სავარაუდოდ, უკვე დღის ბოლოს "ქართული ოცნება" ქვეყნის მთავარ კანონში შესატან ცვილებებსაც ერთპიროვნულად და ერთპარტიულად უყრის კენჭს.

საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზი გუშინ პროტესტის ნიშნად ოპოზიციამ სრული შემადგენლობით დატოვა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კონსტიტუცია, რომელიც მმართველმა გუნდმა შეიმუშავა, "ქართულ ოცნებაზე" მორგებულია.

„ისინი არღვევენ იმ დაპირებას, რომლითაც მოსულები არიან უკვე მეორე ოთხწლეულია, ეს არის პროპორციული სისტემისკენ წასვლა. ეს არის საკითხი, რომელზეც თავად თანხმდებოდნენ. ასევე მათ შემოაქვთ ცუდი სისტემა ბონუსების, რომელიც აბსოლუტურად არასამართლიანია და არადემოკრატიული არის. ასევე ისინი აუქმებენ საპრეზიდენტო არჩევნებს, რაც არის ადამიანებისთვის წართმევა ხმის უფლების,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, ელენე ხოშტარია.

კონსტიტუციის არალეგიტიმურობაზე საუბრობს "ნაციონალური მოძრაობაც". პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მთავარ კანონში შედის, არის ძალადობა ქართულ საზოგადოებაზე.  

„ხელისუფლებას არამც თუ მცდელობა არ ჰქონია, რომ ქართველი ხალხისთვის მოესმინა და წინადადებები გაეზიარებინა, არამედ დემონსტრაციულად და თავხედურად აჩვენა საზოგადოებას, რომ მათ საზოგადოების აზრი არ აინტერესებთ. ეს არის დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში საზოგადოებას მონაწილეობა არ მიუღია, იმიტომ, რომ მათ არცერთი შენიშვნა პრაქტიკულად გათვალისწინებული არ იქნა,“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.

დღის ამბები