17 მაისი 2024,   15:03
ვრცლად
კალიგულას ცხენი გვეყოლება პრეზიდენტი ძალიან მალე - ოპოზიცია კონსტიტუციის პროექტს არალეგიტიმურს უწოდებს 

საპარლამენტო ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების კიდევ ერთხელ უწოდებს არადემოკრატიულს და საკუთარი არგუმენტების წარდგენას ვენეციის კომისიის პრეზიდენტისთვის გეგმავს.

ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრამდე ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ შექმნილ ვითარებაში კონსტიტუციური პროექტის ლეგიტიმურობაზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

„ცხადია, ამ დოკუმენტს ვერ ექნება ვერანაირი ლეგიტიმაციის ხარისხი, იმიტომ, რომ პირველ რიგში ის არ არის დაფუძნებული კონსენსუსზე. ეს არის "ქართული ოცნება" ყველას წინააღმდეგ, რადგან პრეზიდენტის, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი, ყველა ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტს. მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" მალულად გამოცვალა ეს დოკუმენტი, ასევე ვერანაირ პროცესზე და კონსენსუსზე ვერ ვისაუბრებთ,“ - განაცხადა "ენმ"-ის წევრმა თინათინ ბოკუჩავამ.

ვენეციის კომისიის ექსპერტების იმედგაცრუებაზე ამახვილებს ყურადღებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე. კაპანაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა საერთაშორისო საზოგადოების მოტყუებით საკუთარ ინტერესებზე მორგებული კონსტიტუცია შექმნა და ორი მოსმენით დაამტკიცა.

„მათ შეცვალეს პრეზიდენტის არჩევის სისტემა და იქნება დანიშნული პრეზიდენტი, კალიგულას ცხენი გვეყოლება პრეზიდენტი ძალიან მალე და პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოვა 2024 წლიდან. რაც მთავარია, არცერთი ცვლილება არ ყოფილა კომპრომისით მიღებული და არცერთი ცვლილება არ იყო კონსენსუსზე დაფუძნებული. აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია ვენეციის კომისიის ხელმძღვანელის ეს პოზიცია იმიტომ, რომ ის ნამდვილად არის იმედგაცრუებული, ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოება,“ - აცხადებს სერგი კაპანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები