18 მაისი 2024,   13:32
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ჩაშლილი მოლაპარაკებები თბილისში და შეუმდგარი დიალოგი ევროპელ პარტნიორებთან

ვენეციის კომისიაში დაგეგმილი შეხვედრა გაურკვეველი დროით გადაიდო. დღეს კომისიის მდივანმა, „კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ის მიზეზები განმარტა, რომლის გამოც, ხვალ სტრასბურგში მოლაპარაკებები აღარ შედგება. ევროპული კონსულტაციების გადადება, მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მინიმალური კონსენსუსი ვერ შედგა.  

კონსტიტუციის თემაზე კიდევ ერთი შეხვედრა მმართველი გუნდის იგნორის გამო, ჩაიშალა თბილისშიც. გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" კონსულტაციებისთვის მის სასახლეში ელოდა, თუმცა მმართველი გუნდის უარის შემდეგ მოლაპარაკებებმა აზრი დაკარგა.

პრეზიდენტის სასახლის ნაცვლად, დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია პარტია "თავისუფალი საქართველოს" ოფისში შეიკრიბა. პოლიტიკურმა პარტიები მსჯელობდნენ, როგორ უნდა აიძულონ ხელისუფლება, კომპრომისზე წავიდეს. საპარლამენტო ოპოზიცია ამ დრომდე ელოდება ხელისუფლებისგან შეთავაზებას.

ჯანი ბუკიკიოს ვიზიტის შემდეგ 11 დღე გავიდა, პოლიტიკურ ძალებს რეალური მოლაპარაკებები ამ დრომდე არ დაუწყიათ. საკონსტიტუციო ცვლილებების კომპრომისული ვარიანტის შემუშავების პროცესი პრაქტიკულად გაყინულია.

ამავე თემაზე
დღის ამბები