18 მაისი 2024,   12:29
ვრცლად
"პარტიული დავალების მიცემა ელჩებისთვის" - ოპოზიცია ირაკლი კობახიძეს აკრიტიკებს

საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით, შეფასებები მოყვა ოპოზიციურ სპექტრში.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა ირაკლი კობახიძის მხრიდან დიპლომატებისთვის დავალების მიცემაზე საუბრობს.

„საკონსტიტუციო პროექტი, ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკური პროექტი და დღეს ფაქტიურად, პარლამენტის თავმჯდომარემ გასცა დავალება საქართველოს სრულუფლებიან ელჩებზე, რომლებიც უნდა წარმოადგენდნენ ამ ქვეყნის ინტერესებს, რომ მათ საკუთარი მანდატი გამოიყენონ "ქართული ოცნების" პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებლად. ეს არის უკიდურესად უხეში პოლიტიკური შეცდომა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„ქართული ოცნების“ პარტიულ დავალებაზე საუბრობს ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრიც სერგი კაპანაძე. მისი თქმით, ეს არის პოზიცია, რომელიც მარტო ერთ პარტიას ეკუთვნის.

ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელიც მან დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დროს გააკეთა, შეფასება გააკეთა "თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკურმა მდივანმა ნინო გოგუაძემ. ის ირაკლი კობახიძის განცხადებას, ასევე ელჩების მიმართ დავალების მიცემად აფასებს.

„პარლამენტის თავმჯდომარემ, ელჩებს მისცა დავალება, რომ "ქართული ოცნების" შეხედულებები გაავრცელონ საზღვარგარეთ, როგორც ჭეშმარიტება. ეს არის, როგორც მთლიანად საკონსტიტუციო პროცესის კიდევ ერთი დისკრედიტაცია, ასევე საქართველოს სახელმწიფო დისკრედიტაცია,“ - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

დღის ამბები